შარლ მიშელი – რუსეთი სურსათს ომის იარაღად იყენებს, იპარავს მარცვლეულს, ბლოკავს პორტებს და სასოფლო-სამეურნეო მიწებს საბრძოლო ველებად აქცევს

რუსეთი ომის იარაღად იყენებს სურსათს – ეს ძირს უთხრის გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას და მსოფლიოში შიმშილს იწვევს, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

„რუსეთი სურსათს ომის იარაღად იყენებს, იპარავს მარცვლეულს, ბლოკავს პორტებს და სასოფლო-სამეურნეო მიწებს საბრძოლო ველებად აქცევს. უკრაინაში ბლოკირებულია 20 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეული, ხორბალი და სიმინდი. ეს ძირს უთხრის გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას და მსოფლიოში შიმშილს იწვევს. ევროპული საბჭოს შეხვედრის დროს, ჩვენ ფოკუსირებულები ვიყავით, რომ ამ პროდუქტების გლობალურ ბაზარზე გასატანად ლოჯისტიკური გამოსავალი გვეპოვნა, მათ შორის ვმუშაობთ უკრაინასთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტის შესამუშავებლად.

გლობალური შიმშილი ყველას საქმეა, შესაბამისად, ეს საჭიროებს კოორდინირებულ, ყოვლისმოცმველ და გლობალურ მიდგომას. ჩვენ ვმუშაობთ „დიდ შვიდეულთან“, აფრიკულ კავშირთან და ჩვენს ყველა სხვა პარტნიორთან“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

მიშელის  თქმით, რუსული ხომალდები და რაკეტები უკრაინიდან ხორბლისა და სიმინდის ექსპორტს ბლოკავს.

„მოდით, მკაფიოდ ვთქვათ: რუსული სასოფლო სამეურნეო პროდუქტების წინააღმდეგ ევროკავშირს სანქციები არ დაუწესებია. მე ვეუბნები ყველა ქვეყანას, რომელიც დაზარალდა სასურსათო კრიზისის შედეგად: ნუ დაუჯერებთ კრემლის პროპაგანდას, ნუ გახდებით რუსეთის ინსტრუმენტი“, – აღნიშნა მიშელმა.