,,მოვუწოდებ ქართველ პოლიტიკოსებს, მმართველი პარტიიდან და ოპოზიციიდან, დღევანდელი დისკუსია მიიღონ, როგორც ბოლო გაფრთხილება” – მარინა კალიურანდი

საქართველო რამდენიმე წლის წინ მოწინავე იყო აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლო ხანებში მან დაკარგა თავისი სიჩქარე და დემოკრატიული რეფორმებისადმი მტკიცე ერთგულება , – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა და ესტონეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მარინა კალიურანდმა ევროპარლამენტში მიმდინარე დებატების დროს განაცხადა, რომელიც „საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევის“ საკითხს ეხებოდა.

“რამდენიმე თვის წინ, ჩვენ, ამ შენობაში, ძალიან დიდი უმეტესობით მხარი დავუჭირეთ რეზოლუციას, რომელიც უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ეხება. რამდენიმე კვირის წინ ჩვენ კარგი მოლაპარაკებები გვქონდა მოლდოვის პრეზიდენტთან და ჩვენ ვაღიარეთ მათი მიღწევები ევროინტეგრაციის პროცესში. დღეს ჩვენ განვიხილავთ საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევასა და ჟურნალისტების უსაფრთხოების საკითხებს“, – აღნიშნა კალიურანდმა.

მან მოუწოდა ქართველ პოლიტიკოსებს, დღევანდელი დისკუსია “ბოლო გაფრთხილებად” მიიღონ.

„მოვუწოდებ ქართველ პოლიტიკოსებს მმართველი პარტიიდან და ოპოზიციიდან, დღევანდელი დისკუსია მიიღონ, როგორც ბოლო გაფრთხილება. გვერდზე გადადეთ პარტიული ინტერესები, შეწყვიტეთ ერთმანეთის დადანაშაულება და ერთად დაიწყეთ მუშაობა დემოკრატიულ რეფორმებზე. შესაძლებლობების ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა და ესაა, რასაც ქართველი ხალხი თქვენგან მოელის”, – აღნიშნა ევროდეპუტატმა სიტყვით გამოსვლისას.