მოლოდინი მაქვს, რომ დაბოღმილი პოლიტიკოსების ინფორმაციის საფუძველზე ზოგიერთი ევროპარლამენტარის არასამართლიანი განცხადებები არ გახდება საფუძველი, კანდიდატის სტატუსზე უარი გვითხრან – გურამ მაჭარაშვილი

ევროპარლამენტარების განცხადებებში ძირითადი კონტექსტი არის ის, რომ საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მონიჭებას, რაც ნიშნავს იმას, რომ როგორც ჩანს, ჩვენი ხელისუფლების, პრემიერის, პარლამენტის თავმჯდომარისა და პარტიის თავმჯდომარის განცხადებები, განმარტებები ბრიუსელში და სხვა დედაქალაქებში ვიზიტები პროდუქტიული აღმოჩნდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, განცხადებების უმრავლესობა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო.

„კონტექსტი ამ განცხადებების არის ის, რომ მოუხედავად მათი კრიტიკული დამოკიდებულებისა, საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ეს უკვე ნიშნავს იმას, როდესაც საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპის მხრიდან კანდიდატის სტატუსის მოღებას, სწორედ ეს ქართველი ხალხია, რომელმაც უკვე ცხრაჯერ აირჩია ის პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს მართავს ქვეყანას.

შესაძლებელია არსებობდეს გარკვეული კრიტიკა, რეკომენდაციები და შენიშვნები. ამასთან დაკავშირებით ჩვენ პრობლემა არც გვქონია და არც გვექნება. თითოეულ საკითხთან დაკავშირებით, თუ საჭირო იქნება, ჩვენ დამატებით დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა ის, რომ ამ განცხადებებიდან აბსოლუტური უმრავლესობა იყო უსაფუძვლო. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ ქვეყანაში, თუ ისინი რეალურად მართლა ფიქრობენ და მათ რამე მტკიცებულება აქვთ, რომ საქართველოში არის პრორუსული მთავრობა, საქართველოში არის ოლიგარქია, საქართველოში დემოკრატია უკან მიდის, ქვეყანა იქცევა და ამის ფონზე მაინც მიანიჭონ სტატუსი, ეს ლოგიკასთან კავშირში არ არის. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ამ განცხადებების აბსოლუტური უმრავლესობა დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა. თუმცა ჩვენ ვიტოვებთ იმის უფლებას ყოველთვის, რომ ნებისმიერი ასეთი საკითხი, რომელიც პასუხს საჭიროებს, პასუხები გავცეთ“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.