ანჯეი დუდა – გერმანელი ბიზნესმენების ნაწილს არ აღელვებს, რა ხდება უკრაინაში, პოლონეთში, ისინი ამბობენ, რომ უბრალოდ ბიზნესის გაგრძელება და ფულის გამომუშავება სურთ

გერმანელი ბიზნესმენების ნაწილს არ აღელვებს, რა ხდება უკრაინაში, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ გერმანულ გამოცემა „ბილდთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, გერმანული ბიზნესის ნაწილს რუსეთთან საქმიანობის გაგრძელება მაინც სურს, იმის მიუხედავად, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

„დიდი ბოდიშის მოხდით, შესაძლოა, გერმანიაში ზოგიერთ ადამიანს ეწყინოს, მაგრამ გერმანული ბიზნესის ნაწილს არ აღელვებს, რა ხდება უკრაინაში, რა ხდება პოლონეთში. ისინი ამბობენ, რომ უბრალოდ ბიზნესის გაგრძელება და ფულის გამომუშავება სურთ. ისინი ამბობენ, რომ მათ სურთ იაფი ბუნებრივი აირის ყიდვა და ნავთობის იმპორტი. შესაძლოა, გერმანიის ეკონომიკას არ სჯერა, რომ რუსეთის არმიას შეუძლია, ისევ იზეიმოს გამარჯვება ბერლინში და მოახდინოს გერმანიის ოკუპაცია. ჩვენ, პოლონეთში ვიცით, რომ ეს შესაძლებელია. ამიტომ, ჩვეულ რეჟიმში რუსეთთან საქმიანობას ვერ გავაგრძელებთ. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ მსოფლიოს და ევროპას, რომ რუსეთთან ბიზნესის წარმოება ჩვეულ რეჟიმში არ შეიძლება“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.