,,საქართველო მოწინავე პოზიციებზეა და შესაძლებლობების ფანჯარა მუდმივად ღია იქნება” – გია ვოლსკი

ცვლილება და სხვაობა არსებულ მდგომარეობასა და იმ მდგომარეობას შორის, რომელიც გვქონდა, იმდენად დიდია, რომ უსამართლობის განცდა გიჩნდება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში რიგ საკითხებზე რეფორმები დასრულებული არ არის, რაც ქვეყნის თვითკრიტიკის სფეროს განეკუთვნება.

„არის საკითხები, რომელიც თვითკრიტიკის სფეროს განეკუთვნება და ჩვენ ვამბობთ, რომ რიგ საკითხებზე რეფორმები დასრულებული არ არის, მაგრამ ევროპარლამენტარი, რომელსაც არ ესმის სტრასბურგში განხილული ათეულობით საქმე, რომელიც ადასტურებს იმას, რომ საქართველოში, წინა ხელისუფლების პირობებში იყო წამება და ადამიანის უფლებების დარღვევის უამრავი ფაქტი, რასაკვირველია, სერიოზული კითხვები გაგიჩნდება, როგორ შეიძლება, რომ ეს იყოს დემოკრატიასთან სიახლოვე და საქართველოში დღეს არსებული სიტუაცია არ არის დემოკრატია. ჟურნალისტების დევნის ან მათი ცუდი მდგომარეობის რომელი ფაქტები არსებობს? – ერთი ფაქტი რომელიც მოხდა, ამისთვის უამრავია ადამიანი დაისაჯა. საქართველოში მედია და სისტემა ერთ ადამიანზე იყო დამოკიდებული. ცვლილება და სხვაობა არსებულ მდგომარეობასა და იმ მდგომარეობას შორის, რომელიც გვქონდა, იმდენად დიდია, რომ უსამართლობის განცდა გიჩნდება. ძალიან სერიოზული გამოწვევა იქნება ის, თუ საზოგადოებას ასეთი განცდა გაუჩნდება უსამართლობის მიმართ, რომელიც მთელ რიგ შემთხვევებში მოვისმინეთ ლობისტებისგან, რომლებიც პრაქტიკულად, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერთა გარკვეულ კასტად ჩამოყალიბდა. იყო პოზიტიური განცხადებებიც“, – განაცხადა ვოლსკიმ.