,,როგორც ჩანს, ევროპა აღარ გვაძლევს კანდიდატის სტატუსს: ველურების მთავრობას ევროპაში არაფერი ესაქმება” – მიხეილ სააკაშვილი

პოლონეთის ერთ-ერთი მთავარი ლიდერის ჩემთან არშემოშვება, მხოლოდ ქვის ხანის ველურების გადაწყვეტილებაა, – ამ სიტყვებით მიმართვა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც კლინიკა „ვივამედში“ მასთან პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი მალგორჟატა გოშიევსკა არ შეუშვეს.

სააკაშვილის განცხადებით, „ველურების მთავრობას ევროპაში არაფერი ესაქმება“.

„ჩვენი მთავარი მოკავშირის და მეგობარი, მხარდამჭერი ქვეყნის, პოლონეთის ერთ-ერთი მთავარი ლიდერის არშემოშვება ჩემთან მხოლოდ ქვის ხანის ველურების გადაწყვეტილებაა და არა თანამედროვე ევროპელების. ის დამატებით არგუმენტებს იძლევა და ემსახურება ჩვენი კანდიდატობის შეგნებულად ჩაშლას, სწორედ ამიტომაც, როგორც ჩანს, ევროპა აღარ გვაძლევს კანდიდატის სტატუსს დღევანდელი მდგომარეობით, ველურების მთავრობას ევროპაში არაფერი ესაქმება, ხოლო ქართველი ხალხი არის არა ველური, არამედ ცივილიზებული, დემოკრატიული საზოგადოება და უნდა ვიმოქმედოთ სანამ ისტორიის სრულ აბსაიდში აღმოვჩნდებით. თუ ჩვენ, როგორც ხალხი, კანდიდატობას ვიმსახურებთ, ეს უნდა დავამტკიცოთ ჩვენი ქმედებებით და არა მხოლოდ განცხადებებით“,- აცხადებს სააკაშვილი.

ინფორმაციისთვის, პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი მალგორზატა გოშიევსკა კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა, თუმცა მას ამის შესაძლებლობა არ მიეცა. „მორიგ ჯერზე უარი მითხრეს პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრაზე მიუხედავად იმისა, რომ ეს პირობა მომცა პრემიერმა ღარიბაშვილმა პრემიერ მორავეცკის თანდასწრებით“, – განაცხადა მალგორზატა გოშიევსკამ.