ევროკავშირმა უკრაინისთვის და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია ოფიციალურად გაუწია

ევროკავშირმა უკრაინისთვის და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია ოფიციალურად გაუწია. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

„უკრაინამ რეკომენდაციების 80% შეასრულა. ერთადერთი დარჩა კანონის მიღება ეროვნულ უმცირესობებზე, ანუ ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცები დარჩა გასაკეთებელი.

ყველაფერი პრემიერ-მინისტრ შმიგალთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად გავიარეთ. როდესაც ათიოდე დღის წინ ვიმყოფებოდი კიევში, პრეზიდენტის ზელენსკის ძალიან მეტყველი პასუხი მივიღე. ყველა ფრონტზე ვერ ექნება უკრაინას 100%-ით წარმატება, როდესაც ქვეყანაში ომია. ერთი ნათელი გზავნილი გვაქვს, დიახ, უკრაინა იმსახურებს ევროპულ მომავალს. დიახ, უკრაინა უნდა მივიღოთ როგორც კანდიდატი ქვეყანა, ბევრი რამ გაკეთდა და მაგრამ ბევრი რამ კიდევ გასაკეთებელია“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

რაც შეეხება მოლდოვას, მისივე თქმით, იგივე მიმართულებით წარიმართა, როგორც უკრაინასთან დაკავშირებით.

„მოლდოვას რაც შეეხება, ჩვენი შეფასება იგივე მიმართულებით წარიმართა, როგორც უკრაინასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენ რეკომენდაციას ვაკეთებთ, რომ ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს მოლდოვას იმ თვალსაზრისით, რომ მნიშვნელოვან რეფორმას ჩაატარებს ქვეყანა. წარსულ პერიოდში მოლდოვამ განახორციელა გადამწყვეტი ნაბიჯები რეფორმების თვალსაზრისით, ნათელი მანდატი თავისი მოქალაქეების მხრიდან. ეს არის პრორეფორმული ანტიკორუფციული ევროპული გზა დამოუკიდებლობის შემდეგ პირველად. მოლდოვას ასევე ძალიან გრძელი გზა გააჩნია, მისი ეკონომიკა და საჯარო ადმინისტრაცია მოითხოვს ძირითადად გაუმჯობესებას, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა მიუყვება აღნიშნულ კურსს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქვეყანას გააჩნია პოტენციალი, დააკმაყოფილოს მოთხოვნები“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.