ბადრი ჯაფარიძე – პასუხისმგებლიანი მთავრობა ქვეყანას აქამდე არ მიიყვანდა, ლიდერიდან გავხდით მაჩანჩალა

პასუხისმგებლიანი მთავრობა ქვეყანას აქამდე არ მიიყვანდა, ლიდერიდან გავხდით მაჩანჩალა და აუტსაიდერი. 20 ივნისს მსოფლიოს და ევროპას უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვართ ცივილიზებული ერი – – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ „თბილისი მარიოტში“, ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ჩვენი ქვეყანა ასოცირებული ტრიოს მიღმა რჩება, რაც „ქართული ოცნების“ დამსახურებაა.

,,საუბარია სწორედ იმაზე, რომ 19 აპრილის შეთანხმება უნდა შესრულდეს, ზუსტად ამისკენ მოვუწოდებდით ამ უპასუხისმგებლო და მავნებელ ძალას. ასევე საუბარია დეოლიგარქიზაციაზე. ხალხმა, რომელმაც ოლიგარქიული რეჟიმი შექმნა, ის დეოლიგარქიზაციას არ გააკეთებს, ეს არის მათი საკვები.

ცხადია, რომ მათ ვალდებულებების შესრულების მიზანი არასდროს არ ჰქონიათ, მოახერხეს, რომ ქვეყანა რჩება ასოცირებული ტრიოს მიღმა, ეს არის „ქართული ოცნების“ დამსახურება. ჩვენი ვალდებულებაა ვაჩვენოთ ევროპას, რომ „ქართული ოცნება“ არ წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას და საზოგადოება უნდა გავერთიანდეთ ამ დიდი საფრთხის წინაზე, რასაც ჰქვია „ოცნების“ მიერ ქვეყნის გადაყლაპვა.

გაერთიანების შესაძლებლობა იყო და არის კვლავ შარლ მიშელის დოკუმენტის ირგვლივ აღებული ვალდებულებების შესრულება. „ქართული ოცნება“ კი დასცინის შარლ მიშელის დოკუმენტს. ნათელი გახდა, რომ მმართველმა გუნდმა მოახერხა ქვეყანა გამორთულიყო ტრიოდან, უკრაინა და მოლდოვა იღებენ კანდიდატის სტატუსს, საქართველო კი ვერ იღებს. პასუხისმგებლიანი მთავრობა ქვეყანას აქამდე არ მიიყვანდა, ლიდერიდან გავხდით მაჩანჩალა და აუტსაიდერი, 20 ივნისს მსოფლიოს და ევროპას უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვართ ცივილიზებული ერი – გაერთიანებული ევროკავშირში ინტეგრაციის იდეის ირგვლივ, შემდგომ 24 ივნისის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ შესაბამისად“, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.