„გუშინდელი აქცია არ ასახავს რეალობას, ევროინტეგრაციას გაცილებით მეტი მხარდამჭერი ყავს” – კახა კალაძე

თბილისის მერი და ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე მიიჩნევს, რომ 20 ივნისის პროევროპული აქცია, რომელშიც, სულ მცირე, 100 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, რეალობას არ ასახავს, ვინაიდან ევროინტეგრაციას გაცილებით მეტი მხარდამჭერი ყავს.

“აქციას რაც შეეხება, პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს არ ასახავს რეალობას, ევროპას, ევროინტეგრაციას ყავს გაცილებით მეტი მხარდამჭერი და ძალიან დიდი რაოდენობა ადამიანების, ვისაც სურვილი აქვს, საქართველო გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროკავშირი ჰქვია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ნაბიჯი გადავდგით, გვაქვს ძალიან ბევრი წინსვლა, თუმცა, სამუშაო კიდევ ბევრია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, თუნდაც კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, ის დათქმები, რაც არის, ყველაფერი უნდა შესრულდეს. ხელისუფლება, რა თქმა უნდა, მზად არის, რომ ეს ყველაფერი ზედმიწევნით შეასრულებს”. – თქვა კახა კალაძემ.

მისივე მტკიცებით, აქცია ,” ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”  ჩაატარა.

“სირცხვილია ვის წარმოადგენს, ენმ-ის ლიდერების განცხადებები არ მოგისმენიათ? აქცია ორგანიზებული იყო ნაციონალური მოძრაობის და მისი ახალგაზრდული ფრთის მიერ, რომელსაც ქვია სირცხვილია. მე არ ვამბობ, რომ აქციაზე მყოფი ადამიანები იყვნენ ნაციონალები”. – ამბობს კახა კალაძე.