30 წელია, ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ და ახლა თუ გაიგეს ჩვენი ადგილმდებარეობა, ეს საერთოდ საოცრებაა – კალაძე ევროკომისიის დასკვნაზე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს იმას, რომ ქვეყნის განვითარება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს და ვინმემ თავისი ვიწროპარტიული ინტერესებით დააზიანოს ქვეყანა.

როგორც კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ხელისუფლებამ ყველაფერი გაკეთა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიეღო.

„ჩვენ არ დავუშვებთ ბნელი, დესტრუქციული ძალების მიერ დასახული გეგმის რეალიზებას და არავის მივცემთ საშუალებას, ჩვენი ქვეყნის განვითარება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს, თავისი ვიწროპარტიული ინტერესებით დააზიანოს ქვეყანა, ქვეყნის განვითარება და ქვეყნის წინსვლა. არავის ამის შესაძლებლობა ამ ქვეყანაში არ მიეცემა“,-განაცხადა კალაძემ.

როგორც ის აღნიშნავს, „საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა გატარებული რეფორმებით“.

„გულდასაწყვეტია ის, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ხდება და პირდაპირ შეიძლება ვთქვა, ქვეყნის დასჯა, რომ სტატუსი არ მოგვცეს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ფარ-ხმალი არ უნდა დავყაროთ. გავაგრძელოთ მუშაობა და დარწმუნებული ვარ, ამ სტატუსის მოპოვებას შევძლებთ“,-განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ევროპაში ინტეგრაციის მიმართულებით.

„2 ქვეყანას მიანიჭეს სტატუსი და საქართველო სტატუსის გარეშე დატოვეს, ეს ძალიან ცუდი და სამწუხაროა. ვიცით ეს ყველაფერი რატომ მოხდა. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა იმ მიმართულებით, რომ რაც არის წინასწარი დათქმები, ყველაფერი შესრულდეს, როგორც ეს გავაკეთეთ ასოცირების ხელშეკრულებასთან მიმართებით, იგივე ვიზალიბერალიზაცია, ყველაფერს ბოლომდე მივიყვანთ და დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში სტატუსს მივიღებთ. ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც ისეთ განცხადებებს ვისმენთ, რომ გეოპოლიტიკურად საქართველო საინტერესო ადგილზე არ არის. პირდაპირი განცხადება იყო ამასთან დაკავშირებით გაკეთებული, რაც გულდასაწყვეტია. 30 წელია ამ მიმართულებით მივდივართ და ახლა თუ გაიგეს ჩვენი ადგილმდებარეობა, საოცრებაა და არ ვიცი ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავითარ შემთხვევაში, ხელები არ უნდა ჩამოვყაროთ, ყველამ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება მალე გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია. ჩვენ დღესაც, გუშინაც და გუშინწინაც ვიყავით ამ მიმართულებაზე და ერთი საერთო მიზანი გვაქვს-საქართველოს გაწევრიანება ერთ დიდ ევროპულ ოჯახში“,-განაცხადა კალაძემ.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password