რუსეთის ფედერაცია გამიზნულად ცდილობს ვითარების ესკალაციას

ქარელის რაიონში ოკუპანტებმა მავთულხლართების უკანონო გავლება განაახლეს. საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:

„კორონავირუსის პანდემიისა პირობებში, მით უფრო, აღდგომის დღესასწაულის წინა დღეებში მსგავსი პროვოკაციული ქმედებებით რუსეთის ფედერაცია გამიზნულად ცდილობს, ადგილზე ვითარების ესკალაციას და უსაფრთხოების მდგომარეობის გამწვავებას. აღნიშნული ნაბიჯებით რუსეთი და მისი საოკუპაციო რეჟიმი გაუსაძლის მდგომარეობაში აყენებს კონფლიქტით დაზარალებულ ადგილობრივ მოსახლეობას, რომელსაც მძიმე ტვირთად აწვება რუსეთის უკანონო ოკუპაციის მწვავე ჰუმანიტარული შედეგები. საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. გადასასვლელების დაკეტვას და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას უკვე ემსხვერპლა ცხინვალის რეგიონში მცხოვრები არაერთი ადამიანი, რომელთაც აუცილებელი სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით არ მიეცათ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოსვლის შესაძლებლობა.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია მსგავსი დესტრუქციული ნაბიჯები იმ პირობებში, როდესაც მთელი მსოფლიო ცდილობს, გაუმკლავდეს კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელებას. მსგავს კრიტიკულ ვითარებაში ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა, რომელთაც ისედაც ზეწოლისა და დისკრიმინაციის პირობებში უხდებათ ყოფნა“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყება აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების ვითარების გაუმჯობესების მიზნით.

„ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვიმყოფებით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, რათა შესაძლებელი გახდეს საოკუპაციო ხაზზე ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის შეჩერება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას მიეცეს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა“, – აღნიშნავს სამინისტრო.

ქარელის რაიონში ოკუპანტებმა მავთულხლართების უკანონო გავლება განაახლეს.

https://www.gmtv.ge/76011-2/