ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის ახალი ინიციატივა

საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი აანონსებს ახალ ინიციატივას და გეგმავს საზოგადოებრივი მონიტორინგის ფარგლებში საჯარო გახადოს კონკრეტულ ქეისებზე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილებები სათანადო დასაბუთებით სასამართლოს მიერ კანონის დაცვის თვალსაზრისით.

უფლებადამცველი, საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე გიორგი თევზაძე განცხადებას ავრცელებს:

-“ამ ახალი და მნიშვნელოვანი  ინიციატივის ერთ–ერთი ძირითადი მიზეზი არის ადვოკატებისა და საზოგდოების უკმაყოფილება მოსამართლეთა პროცესუალურ მოქმედებებზე და გადაწყვეტილებებზე.  „საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის ერთ–ერთ პრიორიტეტულ საწესდებო მიზანს წარმოადგენს ქვეყანაში სასამართლოს მიერ კანონის უზენაესობის დაცვა და შერჩევითი მართლმსაჯულების თავიდან აცილება. ამ მიზნით ადვოკატთა პროფკავშირი იწყებს ახალი ინიციატივის რეალიზებას, კერძოდ, ვგეგმავთ ადვოკატებს მივცეთ საშუალება შესაბამისი დასაბუთებით საჯარო გახადონ კონკრეტულ სასამართლო საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც წარმოადგენს შერჩევითი მართლმსაჯულების შედეგს.

პრეცედენტულ საქმეებზე ინფორმაციას ადვოკატთა პროფკავშირი საზოგადოებას მიაწოდებს მედია საშუალებებით. ამ საკითხებზე ასევე ვგეგმავთ თანამშრომლობას საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან. საქმეების განსაჯაროვება მოხდება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით.

დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ინიციატივა დაეხმარება ქვეყანას და საზოგადოებას რათა უზრუნველყოფილი იქნას დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტური პრინციპი კანონის უზენაესობა და სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დაცვა“.

კომენტარის დატოვება