,,სასაცილოა საუბარი, თითქოს სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე ან მიხეილ ყაველაშვილი შეიძლება, იყვნენ ანტიევროპულები, თუმცა ჩვენი ოპონენტებისგან ეს გასაკვირი არ არის” – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გულდასაწყვეტია სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის გადაწყვეტილება პარტია „ქართული ოცნების“ დატოვების შესახებ.

თუმცა, პაპუაშვილის თქმით, აღნიშნულმა დეპუტატებმა ახსნეს, რომ სურთ, მეტი ისაუბრონ საზოგადოებასთან და ეს არის მათი გადაწყვეტილება.

ამასთან, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ სასაცილოა ოპონენტების განცხადებები სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძისა და მიხეილ ყაველაშვილის ანტიევროპულობაზე.

„საერთო ჯამში, უკვე თავად განაცხადეს და იყო საუბარი მათი გადაწყვეტილების შესახებ, რომ გავიდნენ „ქართული ოცნებიდან“. მათ შორის, ვნახეთ, რომ გუშინ გამოაქვეყნეს ერთობლივი წერილი და კომენტარებიც ჰქონდათ ამასთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია ჩვენი გუნდისთვის, თუმცა მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს და ახსნეს კიდეც, რომ სურთ, უფრო მეტი ისაუბრონ საზოგადოებასთან, ეს არის მათი გადაწყვეტილება. აქ არის ორი საკითხი. რა თქმა უნდა, სასაცილოა იმაზე საუბარი, თითქოს სოზარ სუბარი, თუნდაც დიმიტრი ხუნდაძე ან მიხეილ ყაველაშვილი შეიძლება, იყვნენ ანტიევროპულები, სასაცილოა, თუმცა ჩვენი ოპონენტების მხრიდან გასაკვირი არ არის. არა მხოლოდ ამ სამ ადამიანზე, ოპონენტების კომუნიკაციის მთელი პოლიტიკა აწყობილია იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას დააბრალონ ანტიევროპულობა და პრორუსულობა, ეს ხომ ახალი არ არის. ბოლო ათი წელია, გვესმის. ამიტომ რაიმე განსაკუთრებული არ არის იმაში, რომ ამ სამი ადამიანის მიმართ ასეთი შეფასებები წამოვიდა, განსაკუთრებული არის ის, რომ ამხელა სიძულვილის ტალღის გამოწვევას ცდილობენ, ნაცვლად იმისა, რომ თუ რამე სათქმელი აქვთ, ამ სათქმელთან დაკავშირებით ჰქონდეთ პოზიცია“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.