სუბარი, ხუნდაძე, ყაველაშვილი – ჩვენი მიზანია, საქართველომ განაგრძოს შეუფერხებელი წინსვლა ევროპისკენ, ამიტომ, დავიცავთ ქვეყნის და საკუთარ ღირსებას ყოველთვის, როცა მას ვინმე შეეხება

ბაკურიანის შეკრების მონაწილეები ცდილობენ, დასავლელი პოლიტიკოსების მიმართ ჩვენი პასუხები ანტიდასავლურ რიტორიკად მონათლონ. ამიტომ, კიდევ ერთხელ გვინდა, ცხადად და მკაფიოდ განვმარტოთ – ჩვენი სურვილი და მიზანია, საქართველომ განაგრძოს შეუფერხებელი წინსვლა ევროპისკენ, – ამის შესახებ ნათქვამია, “ოცნების” ყოფილი წევრების, სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის მორიგ ერთობლივ განცხადებაში.

პარლამენტის  წევრები აცხადებენ, რომ სწორედ ამიტომ, დაიცავენ ქვეყნის და საკუთარ ღირსებას ყოველთვის, როდესაც მას ვინმე შეეხება.

„შეურაცხყოფაზე პასუხი არის არა დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმა, არამედ ჩვენი ვალი ჩვენი ქვეყნისა და მისი ღირსების წინაშე. როდესაც ევროპელი იქცევა არაევროპულად, ის სწორედ თავად აზიანებს ევროპას და მის ინტერესებს. შესაბამისად, უსამართლობაზე პასუხის გაცემა ჩვენთვის სწორედ რომ სტრატეგიული პარტნიორის, ევროპისა და საქართველოს ევროპული გზის დაცვას ნიშნავს“, – აღნიშნულია განცხადების მორიგ ნაწილში.