,,რას შეეძლო, ანრი ოხანაშვილი, გაწონასწორებული, მეოჯახე, ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი გამოეყვანა წყობილებიდან და ფიზიკურად შეხებოდა წერეთელს, მხოლოდ უკიდურეს სიბილწეს” – გია ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ წევრის, ანრი ოხანაშვილის წყობილებიდან გამოყვანა მხოლოდ უკიდურეს სიბილწეს და ღირსების შეურაცხყოფას შეეძლო. ამის შესახებ ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს.

„რას შეეძლო, ანრი ოხანაშვილი, გაწონასწორებული, მეოჯახე, საერთაშორისო დონის სპეციალისტი, კანონმორჩილი, სრულიად ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, გამოეყვანა წყობილებიდან და ფიზიკურად შეხებოდა წერეთელს, თანაც საელჩოს ტერიტორიაზე, ეგ ყველასათვის გასაგებია – მხოლოდ უკიდურეს სიბილწეს, ღირსების შეურაცხყოფას, სხვა ვერსია არ არსებობს! ამასთანავე, ლოგიკური ახსნა აქვს დაგეგმილ პროვოკაციას, მიზანი ახალი მესიჯის შექმნაა – „კრიტიკული მედიის პატიოსან წარმომადგენელს „ქართული ოცნების“ დეპუტატების ჯგუფი თავს დაესხა აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე“ – სრული ბოდვა, მასიური ისტერიკა, იქ მყოფი ჩვენი კოლეგების ბულინგის ორგანიზება. ვფიქრობ, ასეთი პროვოკაციები კიდევ დაიგეგმება“, – წერს გია ვოლსკი.

„ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთლის განცხადებით, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები დაესხნენ თავს და როგორც თავად ამბობს, ფიზიკურად გაუსწორდნენ. „ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ვატო წერეთელის მხრიდან „უბინძურეს პროვოკაციას“ ჰქონდა ადგილი.