,,მეც მქონდა ინციდენტი, მაგრამ თავის მართლება არ დამიწყია – ამას გამართლება არ აქვს და ანრი ოხანაშვილს ბოდიშის მოხდას ვურჩევ” – პაატა მანჯგალაძე

როცა ავტოკრატი ხელისუფლება ძალაუფლების დაკარგვის სიოს გრძნობს, იქცევა ისე ამაზრზენად, როგორც იქცევა „ქართული ოცნება“ – ოხანაშვილს ბოდიშის მოხდას ვურჩევ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძე აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარს მედიაზე ზეწოლად განიხილავს.

„შეიძლება ვინმემ თქვას, რომ მეც მქონდა ინციდენტი, მაგრამ მე იმწამსვე ბოდიში მოვუხადე საზოგადოებას და არ დამიწყია თავის მართლება. ამას გამართლება არ აქვს და ანრი ოხანაშვილს და სხვა კოლეგებს ვურჩევ, ვინც ამ ინციდენტში ჩართული იყო, თავის მართლების ნაცვლად, ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას. ჩემი მაგალითიდან გამომდინარე უხერხულ მდგომარეობაში ვარ ადამიანურად, რომ ამაზე კომენტარი მიწევს, ბოდიშის მოხდა საზოგადოებისთვის, გააზრება, რომ აგრესია არ შეიძლება იყოს პოლიტიკის ნაწილი, არის ყველაზე კარგი გამოსავალი. ანრი ოხანაშვილს ამის გაკეთებას ვურჩევ, ვიდრე თავის მართლებას დაიწყებს,“ – განაცხადა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, ეს არის გზავნილი ასევე, რომ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ქართული ოცნება ყველაფერზე წავა.

„ჩვენთვის არაფერს ნიშნავს არც დასავლეთი, არც ამერიკა და წამსვლელი ვართ ყველაფერზე ძალაუფლების შენარჩუნებისთვის“ – ეს არის გზავნილი და ამას აჟღერებენ ყოველ დღე, როცა ცემენ სტუდენტებს, სამოქალაქო აქტივისტებს და უსწორდებიან ფიზიკურად პოლიტიკოსებს, როცა ავტოკრატი ხელისუფლება ძალაუფლების დაკარგვის სიოს გრძნობს, იქცევა ისე ამაზრზენად, როგორც იქცევა „ქართული ოცნება“, – განაცხადა მანჯგალაძემ.