რა ხდება გურჯაანში?-ადგილობრივები ხელისუფლებას გამოფხიზლებისკენ მოუწოდებენ!

სოციალურ ქსელში ისევ გავრცელდა რაიონების პრობლემები, ხალხი როგორც იტყვიან პიკზეა. გურჯაანი ერთ-ერთი იმ ქალაქთაგანია, სადაც 2012 წლიდან მოყოლებული „ქართული ოცნების“ პირველი აქტივისტები საკადრო პოლიტიკას და რაიონში არსებულ მდგომარეობას აკრიტიკებენ.

დღეს „ოცნების“ მხარდამჭერმა ციცო ღვინიაშვილმა, რომელსაც უკვე იცნობს ჩვენი მკითხველი სხვადასხვა დროს გაშუქებული მასალებიდან სოციალურ ქსელში დაწერა:

-„ვაი ვაიიი, ეს რეები ხდება გურჯაანის კულტურის ცენტრში, ხალხოოო როცა დირექტორი შვებულებაში გადის, მოვალეობის შემსრულებლად, მხოლოდ და მხოლოდ სამხატვრო ხელმძღვანელს აქვს უფლება- მოსილება, რა ხდება??? ვანო ბერიძიშვილის განათლება მსოფლიომ იცის, მაგრამ გერგიძეს კი აქვს მაგდენი განათლება, მაგრამ ლოთბაზარას სიმთვრალეში გამოიჭერდნენ, ვაი თქვენს პატრონს, მიმიფურთხებია თქვენი აშენებული გურჯაანისთვის!!!“ (სტილი დაცულია)

 ამ სტატუსის შემდეგ თავად ციცო ღვინიაშვილს დავუკავშირდით.

-ქალბატონო ციცო, რა ხდება გურჯაანის კულტურის ცენტრში?

-მარტო კულტურის ცენტრში კი არა, მთლიანად გურჯაანში.

-და გურჯაანში რა ხდება?

-გურჯაანში ხდებააა...ვაი იმას, ვინც გამგებელი და საკრებულოს თავჯდომარე დაგვინიშნა, ნურავის ნუ ეგონება, რომ პასუხს არ მოვთხოვთ არავის, გაიგეთ რომ ძალა გამწარებულ ხალხშია.
გურჯაანის თვითმართველობა რომ ბაქიბუქობს, ჩვენ ისეთი პატრონები გვყვავს, რომ ბუზს ვერ აგვიფრენენო, მართალიააა??? მე მგონი მართალი უნდა იყოს, იმიტომ რომ, რაც აქ ხდებააა მტრისაას და არავინ არავის პასუხს არ სთხოვს, აი ეს არის სრული სიმართლე…ნამდვილად გვაბოლებენ! მაინტერესებს, ვინმეს აქვს იმედი, რომ რამე შეიცვლება ჩვენთვის სასიკეთოდ???

კულტურის სახლიდან თანამშრომლები გაუშვეს, ოღონდ შერჩევით, დღეს ოცნების წევრები გაანთავისუფლეს, ბიბლიოთეკა კაზინოდ გადააქცია გამგებელმა გივი გერგიძემ. ძალიან გამწარებულია ხალხი, მაჟორიტარი ძალიან კარგი გვყავს, დავით სონღულაშვილი, მთელი გურჯაანი აღფრთოვანებულია, ძალიან კარგი პიროვნებაა, დეპუტატი კადრებში არ ერევა, მას თავისი საქმე აქვს და აკეთებს კიდეც, თუ ყველაფერს დეპუტატი გააკეთებს, დანარჩენები წავიდნენ მაშინ სახლში, მაგრამ საქმე ისაა, რომ ძალიან ჩააჩოჩეს მაჟორიტარი, აღარ ვიცით რა ვქნათ, ვის მივაწვდინოთ ხმა!

-როგორც მახსოვს, საკადრო პოლიტიკით არც წინა წლებში იყავით კმაყოფილი.

-ქართული ოცნების ხალხი ქუჩაში ჩაგვყარეს, ეგენი ვინ არიან, მაგათ ჩვენთან ერთად არ უბრძოლიათ, საიდან მოხვდნენ არ ვიცი. თუ მოღალატე არ ხარ, არავინ პატივს არ გცემს! გამგებელი და საკრებულოს თავჯდომარე თუ არ მოაშორეს, გურჯაანს არაფერი არ ეშველება.

-ისიც მახსოვს ადრე ცენტრალურ შტაბში მისვლას და მოსმენას ითხოვდით, ახლა თუ გაქვთ იმედი რომ მოგისმენენ და რაც მთავარია, ხალხის ხმას შეისმენენ?

-რა თქმა უნდა, მარტო მე კი არა, ბევრი ადამიანია, რომელსაც „ოცნების“ ხელმძღვანელებთან და ქვეყნის ხელისუფლებასთან უნდა შეხვედრა, ძალიან ბევრი სათქმელი დაგვიგროვდა. იმედი მაქვს ამის საშუალება აუცილებლად მოგვეცემა.

P.S. ქალბატონი ციცოს სტატუსს უამრავი კომანტარი აქვს, სადაც გურჯაანელები წერენ, რომ „აუცილებლად უნდა მოხდეს რაიონის საკადრო პოლიტიკის შეცვლა“, იმასაც ამბობენ, რომ თანამდებობის ბევრი პირი „გურჯაანსაც არ კადრულობს და ტელეფონით მართავენ რაიონს“.

„ვინ ცხვარი დაკლა და ვინ ხორცს ჭამს, ხორცს ვიღა ჩივის ძვლებიც აღარ დარჩა“-ო წერენ გურჯაანელები და ხელისუფლების ყურადღებას მოითხოვენ.

 

 

 

 

კომენტარის დატოვება