„ეს არის ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაცია, მდგომარეობა უფრო დამძიმდება!“

აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის ორი გამშვები პუნქტის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ თუ ასეთი ფაქტის წინაშე დავდგებით, აფხაზეთის რეგიონის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული მდგომარეობა უფრო დამძიმდება.

“სამწუხაროდ, წელიწადზე მეტია ჩვენ გვესმის განცხადებები იმის თაობაზე, რომ საკმაოდ რთული გადაადგილების პირობები აფხაზეთთან ადმინისტრაციულ ხაზზე კიდევ უფრო გართულდება – დაიკეტება ე.წ. გადასასვლელი პუნქტები. ჩვენ გაზაფხულზე გვქონდა შემთხვევა, როცა ორი საფეხმავლო გადასასვლელი დაიკეტა, ახლა იყო განცხადება, რომ კიდევ ორი შეიძლება დაიკეტოს ე.წ. ქვედა ზონასთან დამაკავშირებელ ადმინისტრაციულ ხაზზე. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაცია.

ჩვენ მყისიერად და ყოვედღიურ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია ყველა მხარესთან, ჩვენს პარტნიორებთან იმისთვის, რომ ეს განცხადება არ მოვიდეს სისრულეში. იმიტომ, რომ გალის და არა მხოლოდ გალის, მთლიანად აფხაზეთის რეგიონის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული მდგომარეობა უფრო დამძიმდება“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

კომენტარის დატოვება