რუსთავში ავტომობილი აფეთქდა – არიან დაშავებულები

რუსთავში ავტომობილია აფეთქდა. შემთხვევა თოდრიას ქუჩაზე მოხდა. ინფორმაციას „ინფო რუსთავი” ავრცელებს.

როგორც ერთ-ერთმა თვითმხილველმა სააგენტოს განუცხადა, „ფოლკსვაგენის” მარკის ავტომობილში მძღოლი ჩაჯდა, სიგარეტს მოუკიდა, რა დროსაც აფეთქება მოხდა. მისივე თქმით, სავარაუდოდ, ავტომობილში დამონტაჟებული გაზის ბალონიდან ბუნებრივმა აირმა გაჟონა.

შემთხვევის დროს ორი ადამიანი დაშავდა, მათგან ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლია, რომელმაც სახეზე დამწვრობა მიიღო, ხოლო მეორე გამვლელი ქალია.

დაშავებული ქალი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა „რუსთავში” გადაიყვანა. საინფორმაციო სააგენტოს სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, რომ პაციენტს სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება და მას უტარდება გამოკვლევები.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.