ახალ iPhone 15-ს USB-C დამტენი ექნება

მომავალი წლისთვის Apple სრულ შესაბამისობაში იქნება ევროკავშირის კანონმდებლობასთან და ახალი iPhone-ი USB Type C დამტენით აღიჭურვება – ამის შესახებ Apple-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გრეგ იოსვიაკმა განაცხადა.

„ცხადია, ჩვენ ევროკავშირის რეგულაციების დაცვა მოგვიწევს, სხვა გზა არ არის” – თქვა იოსვიაკმა.

ოქტომბერში ევროკავშირმა ახალი რეგულაცია დაამტკიცა, რომელიც EU-ს მასშტაბით ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნას ითვალისწინებს და ყველა მწარმოებელი ვალდებული იქნება, მობილური ტელეფონები, პლანშეტები და კამერები 2024 წლამდე USB Type C-ით აღჭურვონ.

აღნიშნული რეგულაცია რეალურად მხოლოდ Apple-ს ეხება, რადგან
USB-C-ს თითქმის ყველა თანამედროვე სმარტფონი და პლანშეტი იყენებს, გარდა Apple-ისა.

Apple-ის ოფიციალური წარმომადგენლობა ადასტურებს, რომ ახალი iPhone 15 აწ უკვე მოძველებული Lightning-ის ნაცვლად Type C-ის მიიღებს, რაც მომხმარებელთათვის პოზიტიურ სიახლეს წარმოადგენს, რადგან ახალი პორტით უფრო სწრაფად იქნება შესაძლებელი სმარტფონის დატენა და კომპიუტერში მონაცემების გადატანა.

გარდა ამისა, სტანდარტიზების ყველაზე ცალსახა უპირატესობა სწორედ ისაა, რომ ყველა სმარტფონი, პლანშეტი, ყურსასმენი თუ სმარტ საათი ერთნაირი დამტენით დაიტენება, იქნება ეს Google Pixel, Samsung Galaxy თუ Apple iPhone.