„გაათავისუფლეთ გვარამია ახლავე!” – ნახეთ რას წერენ ღარიბაშვილს ევროპარლამენტარები მეილზე

„გაათავისუფლეთ ნიკა გვარამია ახლავე!”, „საქართველოს სჭირდება დამოუკიდებელი და თავისუფალი მედია”, „საქართველო იმსახურებს ევროკავშირში გაწევრიანებას” – ამ სათაურებით ევროპარლამენტარები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მეილზე წერენ.

„საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს,

საერთაშორისო საზოგადოებამ იცის და შეძრწუნებულია ნიკა გვარამიას ყალბი ბრალდებით დაპატიმრების გადაწყვეტილებით. დემოკრატიულ ქვეყანაში ასეთი რამ არ ხდება. გთხოვთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოთ ის და პატივი სცეთ თავისუფალ პრესას და სიტყვის თავისუფლებას. ეს საქართველოს დაეხმარება
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაში.

ბატონო პრემიერო, მე მჯერა, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია. მაგრამ ოპოზიციური ჟურნალისტის დაპატიმრება არის ქცევა, რომელიც არღვევს იმ ფუნდამენტურ თავისუფლებებს, რომლებზეც ეს კავშირია დაფუძნებული.” – წერია განცხადებაში, რომელსაც ALDE-ს პრეზიდენტი აწერს ხელს.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარების მიერ საკუთარი პოზიციის გამოხატვის ამგვარი ფორმა, მეილზე მოსთხოვონ ქვეყნის პრემიერს პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება, გამონაკლისია და ამ დრომდე არ დაფიქსირებულა.

როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის დაპირება შესრულდა და მან მართლაც გააოცა ევროპა, თუმცა ანტიდასავლური ქმედებებით და არა – რეფორმებით.