გია ვოლსკი – მე არ გამიგია, რომ ვინმეს „ქართული ოცნებიდან“ წასვლა უნდა, გადანაცვლება ახალ პოლიტიკურ ჯგუფში, თუმცა გზაც ხსნილია თუ ვინმე ასე გადაწყვეტს

მე არ გამიგია, რომ ვინმეს „ქართული ოცნებიდან“ წასვლა უნდა, გადანაცვლება ახალ პოლიტიკურ ჯგუფში, თუმცა გზაც ხსნილია თუ ვინმე ასე გადაწყვეტს ან თვითონ თუ გადაწყვეტს პოლიტიკაში აქტიური იყოს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პოლიტიკაში დარჩენის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

„გუნდის შექმნასთან დაკავშირებით მას არ განუცხადებია ჯერ არაფერი და კვლავ არ მინდა მის ადვოკატად მოგევლინოთ. თქვა, რომ ვიტყვიო, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები მიყვებოდნენ ინტენსიურად, სანამ მანქანაში არ ჩაჯდა და არ მოიხურა კარები, იქამდე შეკითხვებს სვამდნენ და ალბათ, უკეთესად თვითონ განმარტავს, იმის მაგივრად ვერ ვისაუბრებ. ბევრ რამეზე ისაუბრებენ ახლა, ზოგი სატელიტობას იტყვის, ზოგი იტყვის, რომ პარტიას ქმნის და „ქართული ოცნება“ იმასთან გადადის, გვარებსაც დაასახელებენ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ვოლსკის თქმით, მას არ მიაჩნია, რომ მთავრობის ყოფილმა მეთაურმა სწორი ნაბიჯი გადადგა და არც მისი პოლიტიკური შეხედულებები მიაჩნია სწორად, უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით.

„არ შევხვედრივარ. არ მიმაჩნია, რომ სწორი ნაბიჯი გადადგა, არ მიმაჩნია, რომ მისი პოლიტიკური შეხედულება ამ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ბოლოს მოხდა, იყო მართებული და სიღრმისეულად გაანალიზებული, მიუხედავად ამისა, ვადასტურებ, რომ არაერთხელ ერთნაირი პოზიციით გამოვსულვართ, ის იყო პარტიის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი.

მე ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილებების მიმართ, რომლებსაც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა, აქ გაცილებით მეტი პრინციპულობა უნდა გამოეჩინა და გაცილებით უფრო სიღრმისეული ანალიზი და შორსმჭვრეტელობა გამოეჩინა, რაც მნიშვნელოვანწილად სახელმწიფოსაც ავნებდა, ასე რომ გაგრძელებულიყო, როგორც ის ამბობდა და გარკვეულწილად გუნდიდან გამყოფის ან დაცილების სერიოზული წინაპირობა შექმნა“, – განაცხადა ვოლსკიმ.