ცაგერის მერი გიორგი ნემსაძე თანამდებობიდან გადადგა

ცაგერის მერი გიორგი ნემსაძე თანამდებობიდან გადადგა – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს.

გიორგი ნემსაძე წერს, რომ თანამდებობას პირადი მიზეზების გამო ტოვებს და ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური შეხედულებების ცვლილებას არ უკავშირდება.

„მინდა საზოგადოებას ვაცნობო, ვტოვებ ცაგერის მერის თანამდებობას. გადაწყვეტილება მივიღე პირადი მიზეზების გამო და ეს ნაბიჯი არანაირად არ უკავშირდება პოლიტიკური შეხედულებების ცვლილებას ან გუნდთან პოზიციების შეუთავსებლობას! მჯერა, რომ ქართული ოცნება საქართველოში საქმეზე ორიენტირებული ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, შესაბამისად, მე კვლავაც ვრჩები გუნდის რიგით წევრად და ჩვენი მუნიციპალიტეტისა თუ ქვეყნის სამსახურს სხვა პოზიციიდან გავაგრძელებ. პირველ რიგში, ნდობისთვის უდიდეს მადლობას ვუხდი ცაგერის მოსახლეობას, რომელმაც მერად ამირჩია და ჩვენს გუნდს, რომელმაც ამის შესაძლებლობა მომცა, ასევე მსურს მადლობა გადავუხადო ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის გუნდის თითოეულ წევრს და მომავალ საქმიანობაში წარმატებები ვუსურვო” – წერს ნემსაძე.

ცნობისთვის, გიორგი ნემსაძე ცაგერის მერად 2021 წელს აირჩიეს.