ბიზნესმენი დავით ხიდაშელი რიყის დოქების 50%-ს ყიდის

ბიზნესმენი დავით ხიდაშელი ე.წ. რიყის დოქების 50%-ს ყიდის.

დღეს მასთან დაკავშირებულმა კომპანიამ საჯარო შეთავაზება გაავრცელა, საიდანაც ირკვევა, რომ რიყის დოქების 50% იმ პირობების შესაბამისად გაიყიდება, რომლითაც ქონების სააგენტოს ჰქონდა აუქციონზე გამოტანილი.

„შპს GLOBAL VICTORY TRUST (რეგისტრირებული 08/07/2016წ. ლუქსენბურგის ბიზნეს რეგისტრაციის მიერ, საიდენტიფიკაციო კოდი # B207335, იურიდიული მისამართი: 6757, ლუქსენბურგი, გრევენმახერი, მოზელეს ქუჩა # 3), რომლის საკუთრებაშია ელექტრონული აუქციონის (პირობებიანი) ფორმით შეძენილი უძრავი ქონება: „ქ. თბილისში, რიყის ტერიტორიაზე (ნაკვეთი № 65/061) არსებული 14 591.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული №1 შენობა-ნაგებობა, საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, აკეთებს შეთავაზებას, აღნიშნული ქონების 50 %-ს გასხვისებაზე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 2022 წლის 24 მარტს გამართული №256 ელექტრონული აუქციონით დადგენილი პირობების შესაბამისად.
მსურველი, რომელსაც აქვს შესაბამის სფეროში გამოცდილება და შეთანხმების შემთხვევაში წარმოადგენს განსახორციელებელ საინვესტიციო თანხაზე საბანკო გარანტიას, დეტალური ინფორმაციის მისაღებად, შეუძლია გამოაგზავნოს წერილი კომპანიის ელ-ფოსტაზე: info@gvgholding.ge, სადაც აღწერილი უნდა იყოს დაინტერესებული პირის (ფიზიკური/იურიდიული) განხორციელებული პროექტები, გამოცდილება და ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობა.
შეთავაზება ძალაშია მისი გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში” – აღნიშნულია შეთავაზებაში.

ცნობისთვის, ხიდაშელმა რიყის დოქები 24 მარტს, რიგით მეშვიდე აუქციონზე, 10 020 000 ლარად იყიდა.