სააკაშვილს „პატრონები” მოკლავენ – „ხალხის ძალის” სახიფათო განცხადება

„ქართული ოცნებიდან” ფორმალურად წასული დეპუტატები მორიგ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებას ავრცელებენ და მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ლიკვიდაციაზე საუბრობენ.

როგორც „ხალხის ძალის” განცხადებაში ვკითხულობთ, მესამე პრეზიდენტის შესაძლო გარდაცვალების შემთხვევაში ისინი „ოცნებას” პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებენ.

„პატრონები სააკაშვილის გასათავისუფლებლად ყველაფერს იღონებენ და ხელისუფლების დაშანტაჟებასაც გააგრძელებენ. თუმცა, თუ მიზანს ვერ მიაღწიეს, ლოგიკურად რჩება გეგმა B: სააკაშვილის, როგორც ოქროს მოწმის მოშორება.

სააკაშვილის ლიკვიდაციის შემთხვევაში, პატრონები ორ კურდღელს დაიჭერენ: პირველი, მოიშორებენ ოქროს მოწმეს, რომელსაც ციხეში ნულოვანი პოლიტიკური ფასი აქვს; და მეორე და მთავარი, სააკაშვილის სიკვდილს ხელისუფლებას დააბრალებენ და ამ საბაბით, ქვეყანაში მასობრივი არეულობის მოწყობას შეეცდებიან, რისი საბოლოო მიზანიც ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილება და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა იქნება.”, – წერია რადიკალური, პრორუსული ორგანიზაციის განცხადებაში.