„დაავადებები, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აქვს, მისი გათავისუფლების საფუძველია” – მარიამ ჯიშკარიანი სასამართლოზე

„ის მძიმე დაავადებები, რომელიც პაციენტ მიხეილ სააკაშვილს აქვს, მისი გათავისუფლების საფუძველია” – ამის შესახებ ცენტრ „ემპათიას” ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც ის მოწმის სტატუსით იკითხება.

მისივე თქმით, პოლიტპატიმარმა პრეზიდენტმა ციხეში შესვლის დღიდან 42 კგ დაიკლო, „ვივა მედში” კი მან წონის 37% დაკარგა.

„წონაში კლება კვლავ გრძელდება. ნოემბრის დოკუმენტაციაც შევისწავლე და 20 დეკემბრამდე წონაში კლება გრძელდება, ასევე გრძელდება ტემპერატურული რეაქცია. მას თავდაპირველი წონიდან უკვე 42 კილოგრამი აქვს დაკლებული. 115 კილოგრამი იყო და 104 კილოგრამი იყო, როდესაც კლინიკა „ვივამედში“ შევიდა. გამოდის, რომ დღეის მდგომარეობით, კლინიკა ვივამედში შესვლიდან, წონის კლება 37% და 30%-ია. რა თქმა უნდა, ეს არის კახექსია…

რაც შეეხება დემენციის დიაგნოზს და მის ნევროლოგიურ მდგომარეობას, პატიმრის დატოვება სასჯელაღსრულების სისტემაში, ჩემი მოსაზრებით, არასათანადო მოპყრობად განიხილება და ვფიქრობ, რომ დანაშაულია. არ შეიძლება მისი ყოფნა ჰუმანიტარული თვალსაზრისით სამედიცინო სტანდარტებიდან გამომდინარე, დიაგნოზებიდან გამომდინარე, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში წერია.” , – განაცხადა ჯიშკარიანმა.