გრიგოლ გეგელია – არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები თავმოყრილია მთელ რიგ დოკუმენტაციაში, კეთილი ინებონ და გაეცნონ

„ლელო საქართველოსთვის“ წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები ერთიანად არის თავმოყრილი მთელ რიგ დოკუმენტაციაში, რომელიც ყველა მოქალაქისთვისაა ხელმისაწვდომი.

მისივე თქმით, თუ რამეს გამოძიების სურვილი არსებობს, კომისიას შეუძლია, ამ დოკუმენტებს გაეცნოს.

„მტკიცებულებები იმისა, რომ არჩევნები გაყალბდა, არის ერთ მნიშვნელოვან ადგილზე. ეს არის ძალიან დიდი დისპროპორციის მაჩვენებელი ოქმები, ცარიელი კონვერტების, კარუსელის, სხვა ტიპის ადმინისტრაციული და უფრო მძიმე გადაცდომების მაჩვენებელი სამხილები. ძალიან ნათლად და ერთიანადაა თავმოყრილი მთელ რიგ დოკუმენტაციაში, რომელიც ჩვენს დასავლელ პარტნიორებსაც აქვთ მიღებული, და რომელიც ხელმისაწვდომია ყველა მოქალაქისათვის.

ამასთან წვდომა ძალიან მარტივად შეუძლია იმ კომისიასაც, რომელიც ე.წ. პარლამენტში ყალიბდება. ამიტომ თუ მათ სურთ რამეს გამოძიება, კეთილი ინებონ და გაეცნონ ამ დოკუმენტებს. ჩვენ არ გაგვაჩნია არავითარი ნდობა პარლმენტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ჩვენ არ ვცნობთ ამ პარლამენტს, როგორც საჯარო და დემოკრატიული სანდოობის მატარებელ პოლიტიკურ ერთეულს, შესაბამისად, ამ ფსევდო პარლამენტში მიმდინარე პროცესს ჩვენი ნდობა ვერ ექნება“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.