ლევან იოსელიანი – სასამართლო არის მთავარი დამნაშავე იმაში, რომ დღეს საქართველო პოლიტიკურ კრიზისში იმყოფება

პარლამენტში ყოფნის ჩემს ერთ-ერთ ფუნქციად ვხედავ, ვიბრძოლო დამოუკიდებელი სასამართლოსთვის და ერთხელ და სამუდამოდ, ადამიანები აღარ იდევნებოდნენ პოლიტიკური ნიშნით, სასამართლოს კი, ნდობა ჰქონდეს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

იოსელიანის თქმით, საქართველოში პრაქტიკულად მართლმსაჯულების სისტემა არ არსებობს.

„ვიცით, რომ პრაქტიკულად, საქართველოში მართლმსაჯულების სისტემა არ არსებობს და ეს სისტემა ემსახურება ერთ პოლიტიკურ პარტიას. ამაზე ბევრი ითქვა და მტკიცებულება არსებობს. პარლამენტში ყოფნის ჩემს ერთ-ერთ ფუნქციად ვხედავ, ვიბრძოლო ამ ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლოსთვის და ერთხელ და სამუდამოდ, ადამიანები აღარ იდევნებოდნენ პოლიტიკური ნიშნით, სასამართლოს კი, ნდობა ჰქონდეს. ამ არჩევნების მთელი პრობლემა რა იყო და რამ გამოიწვია კრიზისი? გამოიწვია იმან, რომ სასამართლოს მიმართ ნდობა არ იყო, სასამართლომ საქმეები არ განიხილა, თორემ სასამართლოს კომპონენტი რომ ყოფილიყო თავის ადგილას და განეხილა ყველა საჩივარი, მაშინ ხომ არ იქნებოდა პოლიტიკური კრიზისი, პოლიტიკური პარტიები ხომ დაიკმაყოფილებდნენ თავიანთ წუხილებს, საჩივრებს და გაარკვევდნენ, საჩივარი მართლა ეფუძნებოდა რეალურ არგუმენტს, თუ რაღაც იყო გამოგონილი, მაგრამ ეს არ მოხდა. ამან გააღრმავა ეჭვები არჩევნების მიმართ. ამიტომ, სასამართლო არის მთავარი დამნაშავე იმაში, რომ დღეს საქართველო იმყოფება პოლიტიკურ კრიზისში“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.