ივერი მელაშვილი მიხეილ სააკაშვილის 2007 წლის განცხადებაზე – შეგნებულად არ მინდა, დეტალებში შევიდე  საზოგადოებამ იცის, რომ იყო მოლაპარაკებები პრეზიდენტების დონეზეც

საზოგადოებამ იცის, რომ იყო მოლაპარაკებები, მათ შორის, პრეზიდენტების დონეზე, – ამის შესახებ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულმა, ივერი მელაშვილმა თქვა  და გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის 2007 წლის განცხადებას.

„შეგნებულად არ მინდა, დეტალებში შევიდე. ყველა აზრის წარმოთქმას თავისი აზრი აქვს. რა თქმა უნდა, იყო, ეს იცის საზოგადოებამ, რომ იყო მოლაპარაკებები, მათ შორის, პრეზიდენტების დონეზე, განხილულ იყო ეს საკითხები. ყველაფერს თავისებური განმარტება აქვს.

მე არ შემიძლია, ახლა მაგაზე კომენტარები გავაკეთო. თვითონ ყოფილმა პრეზიდენტმა გააკეთა კომენტარები. რა თქმა უნდა, იყო განხილვები რაღაც დონეზე, მათ შორის, მაგის თაობაზე“, – აღნიშნა ივერი მელაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 2007 წლის მაისში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან  შეხვედრის შემდეგ განაცხადა:  „ჩვენ შევთანხმდით, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენი სამუშაო ჯგუფები ერთმანეთს შეხვდებიან, საზღვრის ხაზი უნდა გაივლოს ისე, რომ სტრატეგიული სიმაღლე, რომელიც აზერბაიჯანს ქვეყნის შიგნით სჭირდება, აზერბაიჯანის ტერიტორიაში მოყვეს, ხოლო დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მთლიანად საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიაზე უნდა დარჩეს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.