პოლიტიკა

„პრეზიდენტ სააკაშვილს დღეს კოვიდი დაუდასტურდა და დღეს აგერ თანამდებობებს ინაწილებს” – ხაბიშვილი მელიაზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი ეხმაურება ნიკა მელიას ბრიფინგს, სადაც მან პარტიის გენერალური მდივნის კანდიდატად გიორგი კირთაძე დაასახელა.

„ჩვენს შორის განსხვავება სწორედ მიდგომებსა და დამოკიდებულებებს შორის არის. პრეზიდენტ სააკაშვილს დღეს კოვიდი დაუდასტურდა, არის უმძიმეს მდგომარეობაში. ეს ადამიანი ამბობდა, რომ თუ პრეზიდენტ სააკაშვილს არ გადაიყვანდნენ, ყველაფერი ისე ვერ გაგრძელდებოდა და დღეს აგერ თანამდებობებს ინაწილებს. ნახევარი საათი არ გასულა, რაც მძიმე მდგომარეობა გამოაცხადეს პრეზიდენტ სააკაშვილზე. ეს არის ჩემსა და მის დამოკიდებულებებს შორის სხვაობა. გულწრფელად გეუბნებით, როცა გავიგე, ნიკა მელია ცხრა საათზე ბრიფინგს ატარებდა, ვიფიქრე, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე იტყოდა რამეს, როგორ უნდა ვიმოქმედოთ, რა უნდა გავაკეთოთ და ამასობაში, შემოგვთავაზა რაღაც გაურკვეველი თანამდებობების გადანაწილება” – „საზოგადოებრივი მაუწყებლის” ცნობით, განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

დღეს ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ნიკა მელიამ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, პარტიის გენერალური მდივანი გიორგი კირთაძე იქნება.