გიორგი კირთაძემ ბათუმის ენმ-ის თავმჯდომარის პოსტი დატოვა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი კირთაძემ თანამდებობა დატოვა.

კირთაძის თქმით, მან გადაწყვეტილება შიდაპარტიული არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ მიიღო, თუმცა რჩება პარტიის წევრად:

„გაიმარჯვა ლევან ხაბეიშვილმა, რომელსაც ვულოცავ გულწრფელად და მას მინდა რომ ვუსურვო წარმატებები. ბუნებრივია, ვრჩები პარტიაში, ვაგრძელებთ ბრძოლას მიშას თავისუფლებისთვის, ავტოკრატული რეჟიმის დამარცხებისთვის. რაც შეეხება ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტს, მე დასაწყისშივე ვთქვი, ავხსენი ეს ყველაფერი. ბუნებრივია, ლევან ხაბეიშვილს უნდა მიეცეს საშუალება თავის გუნდთან ერთად გააგრძელოს მუშაობა ისე, როგორც მას წარმოუდგენია, მიიღოს გადაწყვეტილებები იმ გუნდთან ერთად, რომელთან ერთადაც მოახერხა გამარჯვება. ამდენად, ბუნებრივია, მე აღარ ვარ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი” – განაცხადა გიორგი კირთაძემ