„ვერ მივხვდი, სასკანდალო რა არის“ | აბაშიძე მისი და კარასინის საუბრის ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს

რუსეთთან ურთიერთობის საკითხში პრემიერმინისტრის წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე ადასტურებს, რომ იუთუბ არხ „კიბერ კმარაზე” გავრცელებული აუდიოჩანაწერი რუსეთის წარმომადგენელ, გრიგორი კარასინთან შედგა.

აბაშიძემ „პირველ არხთან” საუბარში განაცხადა, რომ ამ ჩანაწერში სკანდალურს ვერაფერს ხედავს.

იგი „საზოგადოებრივ მაუწყებელთან” აცხადებს, რომ საუბარი გასული წლის  21 ან 20 ივნისს შედგა.

აბაშიძის თქმით, საუბრის თემა ყაზბეგი-ლარსის მიმართულებით შექმნილი რთული ვითარება იყო.

„ჩავრთეთ ადგილობრივი სამსახურები, მესაზღვრეები, მებაჟეები, რათა ეს სიტუაცია დარეგულირებულიყო. ჩვენი მეზობელი ქვეყნები იყვნენ შეწუხებული, მათ შორის სომხეთიდან ჩამოვიდა მათი წარმომადგენელი. აი ამაზე ვსაუბრობდით.
ორჯერ მოვისმინე ეს ჩანაწერი, ავთენტურია ეს საუბარი და სასკანდალო რა არის, ჯერ ვერ მივხვდი. ვსაუბრობ, რომ ჩვენი მხრიდან მიდის მშენებლობა, პარალელური დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება და სადღაც წელიწად-ნახევრის შემდეგ, 24 წელს არის მისი დასრულება გათვალისწინებული, ეს წაადგება იმ საქმეს, რომ ვითარება განიმუხტოს. მიდის იქ პარალელური მშენებლობა, გზები შენდება, გვირაბები.
რაღაცნაირად შეეცდებიან, რომ ეს წარმოაჩინონ, როგორც დიდი სკანდალი და თუ ამას მოისმენ მშვიდად და დააკვირდები, რაზე ვსაუბრობ, ასეთი საუბრები ჩვენ მაშინ გვქონდა. როცა იქმნება ფორსმაჟორული სიტუაცია საზღვარზე სატრანსპორტო თვალსაზრისით, მაშინ ჩვენ ერთმანეთს ყოველთვის ვუკავშირდებით და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა” – განაცხადა აბაშიძემ.

ნახეთ ასევე: „საიდუმლო რუსულ-ქართული კავშირი” | აბაშიძე-კარასინის სკანდალური სატელეფონო ჩანაწერი