“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბებს ქმნის

პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის შტაბები იქმნება.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ეს გეგმა პარტიის ბიუჯეტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მიმართვასაც გულისხმობს.

„ჩვენი გუნდის დაპირების შესაბამისად, პირველი გადაწყვეტილება, რასაც მივიღებთ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის შექმნაა. ამ შტაბებისთვის ლოჯისტიკის, ინფრასტრუქტურისა და ყველანაირი დახმარების უზრუნველყოფა, მათ შორის “ნაციონალური მოძრაობის” ბიუჯეტის ნაწილის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მიმართვა, ჩვენი გეგმაა. საზოგადოებამ იცის, რომ კვირების განმავლობაში კონსულტაციები მიმდინარეობდა ერთ კანდიდატთან, გიორგი ჩალაძესთან. მას ეყოლება გუნდი, შტაბების ჩამოყალიბებასა და გამართვაზე პასუხისმგებლობას ის აიღებს. “ნაციონალური მოძრაობა” იღებს პასუხისმგებლობას, რომ მიხეილ სააკაშვილის თემის გააქტიურებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ხელი შეუწყოს. ეს ყველაფერი იქნება ზეპარტიული და შტაბებში გაწევრიანება შეეძლება ყველას, ვისთვისაც მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე მნიშვნელოვანია. მე მინდა ამ შტაბს, “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად, წარმატება ვუსურვო”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა