“ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოძრაობა” ოფიციალურად დაფუძნდა

პატიმრობაში მყოფი, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გათავისუფლებისთვის, “ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოძრაობა” დღეს ოფიციალურად დაფუძნდა.

ბაჩანა შენგელიამ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ნიკა გვარამიას დაკავებით ხელისუფლებამ ეჭვქვეშ დააყენა ქვეყნის ევროპული მომავალი:

“სრულიად ნათელია, რომ გვარამიას პატიმრობა სახელმწიფოს ინტერესებს აზიანებს, ვნებს ევროინტეგრაციის პროცესს და სცდება ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგს. დარწმუნებული ვართ, რომ ქვეყნის ევროპული მომავლის ბედი სხვა მრავალ პრობლემასთან ერთად ნიკა გვარამიას თავისუფლებაზეც გადის. ამიტომაც ნიკა გვარამიას მეგობრებმა “რა სად როდის” თამაშიდან და მედია და მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა გადავწყვიტეთ, რომ დავაფუძნოთ მოძრაობა, რომლის მთავარი მიზანი იქნება ნიკა გვარამიას დროული გათავისუფლება საპატიმროდან და ეს ხელისუფლების ყველა შტოზე წნეხის გაზრდით, ქვეყნის გარეთ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით იქნება შესაძლებელი”, – განაცხადა შენგელიამ რუსთავის მე-12 საპყრობილესთან.