თურქეთში, მიწისძვრის შესახებ პროვოკაციული ინფორმაციის გავრცელების გამო, 78 ადამიანს დააკავებენ

თურქეთის პოლიციამ სოციალურ ქსელებში მიწისძვრის შესახებ პროვოკაციული პოსტების გავრცელების გამო, 78 ადამიანის დაკავების ბრძანება გასცა.

პოლიციის ინფორმაციით, მათგან 20 უკვე წინასწარ პატიმრობაშია.

უწყების ცნობით, გამოვლენილია სოციალური ქსელების 613 მომხმარებელი, რომელთა პოსტებიც შიშსა და პანიკას თესავდა საზოგადოებაში. საქმის წარმოება უკვე დაიწყო 293 მათგანის წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, ბოლო ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 41 000-ზე მეტი ადამიანი. თურქეთში, სირიის საზღვართან 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა 6 თებერვალს გამთენისას მოხდა. მოგვიანებით კი კიდევ ერთი 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა.