ეს არის საქართველო – დიდება გმირებს! | დღეს, 19:00 საათზე რუსთაველზე აქცია გაიმართება

ეს არის საქართველო – დიდება გმირებს! – დღეს, 24 თებერვალს, 19:00 საათზე რუსთაველზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან 1 წლის თავზე, საქართველოს მოქალაქეები შეიკრიბებიან, სოლიდარობას გამოუცხადებენ მეგობარ უკრაინას და კიდევ ერთხელ იტყვიან, რომ რუსეთი ოკუპანტია.

აქციას სტუდენტებიც შეუერთდებიან. ასევე, 19:00 საათზე რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბებიან თბილისში მცხოვრები უკრაინელი აქტივისტები და აქციაზე მსვლელობით მივლენ.

“ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, აქ მცხოვრები უკრაინელები ვერთიანდებით და გავმართავთ აქციას პარლამენტთან 19:00 საათზე. 24 თებერვალი არის დღე, როდესაც პუტინის რუსეთმა სასტიკი დამპყრობლური ომი დაიწყო უკრაინაში. ეს ომი დღემდე გრძელდება და აუცილებლად უკრაინის და უკრაინელების მხარდამხარ მებრძოლი ქართველი გმირების გამარჯვებით დასრულდება.
ქართველ ხალხს, კარგად გვესმის ამ ბოროტებასთან ბრძოლის ფასი, თავისუფლების ფასი, ღირსების ფასი, მტერზე გამარჯვების ფასი. ამიტომ ქართველი ხალხი ომის დაწყების წუთიდან განსაკუთრებულად სოლიდარულები ვართ გმირი უკრაინელი ხალხის მიმართ, უკრაინის მიმართ.
24 თებერვალს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დღეს, გავერთიანდებით და კიდევ ერთხელ მტკიცე მხარდაჭერას გამოვუცხადებთ თავისუფლებისთვისა და მშვიდობისთვის მებრძოლ გმირებს.
გავერთიანდეთ, დავდგეთ ერთად ჩვენი გმირებისთვის, ღირსებისთვის, თავისუფლებისთვის, უკრაინისთვის, საქართველოსთვის! 24 თებერვალს ვაჩვენოთ, სად არის საქართველო და რა არის საქართველო!
24 თებერვალს თბილისში მცხოვრები უკრაინელი აქტივისტების ორგანიზებით 19:00 საათზე შეიკრიბებიან რუსთაველის მეტროსთან და მსვლელობით შემოუერთდებიან უკრაინის სოლიდარობის აქციას პარლამენტთან”, – წერენ აქციის ორგანიზატორები.

ცნობილია, რომ 2 მშვიდობიანი აქცია გაიმართება ბათუმშიც.