„ბრძოლა გასაგრძელებელია პროცედურებში…” – სამნიძე დღევანდელ აქციას არ შეუერთდება

დეპუტატი ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ ახლა მნიშვნელოვანია, პოლიტიკოსებმა რუსული კანონის გაწვევის პროცედურა ბოლომდე მიიყვანონ.

სამნიძე „პირველ არხთან” ამბობს, რომ დღეს დაანონსებულ აქციას არ შეუერთდება, რადგან მისი მოთხოვნა იყო კანონის უკან გაწვევა, რაც „ოცნებამ” შეასრულა, „ბრძოლა კი პროცედურებშია გასაგრძელებელი”:

„ეს პროტესტი არ იყო პოლიტიკური პარტიების ორგანიზებული და პოლიტიკური პარტიების მოწვევით, რაც იყო სწორი და ვფიქრობ, შედეგიც ამან გამოიღო, რომ ეს იყო თვითორგანიზებული პროტესტი, ადამიანები გულანთებულები გამოვიდნენ ქუჩაში, რომ ეს ქვეყანა რუსეთისკენ არ წასულიყო, ეს მათი გადასაწყვეტია, როგორ გაგრძელდება პროცესი. ისევ, ვფიქრობ უმნიშვნელოვანესია, გავითვალისწინოთ პოლიტიკოსებმა, რომ ამ პროცესში სათავეში არ ჩავდგეთ, გვერდში დავუდგეთ ადამიანებს, თუ თვლიან, რომ დღესაც უნდა შეიკრიბონ. მე პირადად ვთვლი, რომ ეს მათი გადასაწყვეტია და არა პოლიტიკური პარტიების. ჩვენი საქმეა ოცნების გადაწყვეტილება, რომ კანონი წაიღოს უკან, პროცედურულად ბოლომდე მივიყვანოთ და შევახსენოთ ყოველ ჯერზე ოცნებას, რომ კარგად დაიმახსოვრონ ეს დღეები, არ უნდა წავიდნენ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. ჩემი მოთხოვნა და დგომა პროტესტზე იყო, უკან წაიღონ კანონი და ვფიქრობ, რომ ახლა ბრძოლა გასაგრძელებელია პროცედურებში”, – განაცხადა სამნიძემ.

„ქართულმა ოცნებამ” და „ხალხის ძალამ” გაავრცელა ერთობლივი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მათ მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს გაიწვევენ.

აღსანიშნავია, რომ პროცედურის თანახმად, კანონის გაწვევა უნდა მოხდეს მეორე მოსმენაზე გატანით და ჩაგდებით. სწორედ ამიტომ „ოცნებისა” და „ხალხის ძალის” ერთობლივ განცხადებას, მოქალაქეები უნდობლობას უცხადებენ და ამბობენ, რომ სიტყვიერი განაცხადი საკმარისი არ არის.