„ნორმალური კომუნიკაცია მაქვს მინისტრებთან, გარდა ერთისა, პრემიერ-მინისტრთან არ მაქვს ურთიერთობა” – სალომე ზურაბიშვილი

„ნორმალური კომუნიკაცია მაქვს მინისტრებთან, გარდა ერთისა, მთავართან, პრემიერ-მინისტრთან არ მაქვს ურთიერთობა” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა TV პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, თავად აქვს კომუნიკაციის სურვილი, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილს არა.

„არ შეიძლება, რომ ქვეყანაში არ იყოს გაწონასწორებული, ნორმალური ფუნქციონირება ინსტიტუციებს შორის. დემოკრატია არის ერთი მხრივ ხალხის, ამომრჩევლის ნება, მეორე მხრივ კი ინსტიტუტების პატივისცემა და მათ შორის რაც შეიძლება ნორმალური ურთიერთობები, რომ ეს ყველაფერი ქვეყნის სასარგებლოდ მუშაობდეს.

ღონისძიებებზე კი, როგორ არა ზრდილობიანად… მაგრამ საჭირო არის სხვა ტიპის ურთიერთობა, რომ საკითხები იყოს განხილული, რომ პასუხები იყოს კითხვებზე. უნდა იყოს შესაძლებლობა, რომ არგუმენტების გაცვლა მოხდეს, რატომ არის ესა თუ ის გადაწყვეტილება მიღებული და რა არის პრეზიდენტის არგუმენტები, რომელმაც სხვანაირად იცის, რას ფიქრობს საერთაშორისო თანამეგობრობა. პრეზიდენტს ბერკეტები შეიძლება, არ ჰქონდეს, მაგრამ საჭირო იყოს მისი არგუმენტების მოსმენა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.