ჩვენ დავამარცხებთ ლეიკემიას თუ გავერთიანდებით! არ გავჩერდეთ, მათ თქვენი იმედი აქვთ!

“დიმიტრი ცინცაძის სახელობის  ფონდი”  2013 წლის  აპრილში ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნეებით დაავადებული ბავშვების დასახმარებად შეიქმნა.  ფონდი ყველა მედიასაშუალების ჟურნალისტების გაერთიანების შედეგად დაფუძნდა და  მხოლოდ შემოწირულობებით არსებობს, მათ შორის კერძო თუ საჯარო სამსახურის თანამშრომლების მიერ ყოველთვიურად გაღებული თანხით. შედეგად, ფონდი უკვე  დაეხმარა 232 ბავშვს, რაც თანხობრივად ჯამში 2 მილიონ 32ათას 118 ლარს შეადგენს.

ფონდის მიზნებსა და სიახლეებზე სასაუბროდ ფონდის წარმომადგენელს, ჟურნალისტს, ეკატერინე ნონიაშვილს დავუკავშირდით.

-არ მეგულება ადამიანი “დიმიტრი ცინცაძის სახელობის  ფონდი” -ს  და მის საქმიანობას არ იცნობდეს, მაგრამ მოდი, კიდევ ერთხელ მოვყვეთ-როგორ დაიწყო ყველაფერი?

-ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ჩვენს მეგობარს, ოპერატორ დიტო ცინცაძეს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს, გადანერგვისთვის საჭირო თანხის შესაგროვებლად მისი მეგობრები, ჟურნალისტები ყუთებით დავდიოდით და ძნელად, მაგრამ თანხა შევაგროვეთ, დიტოს გერმანიაში გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა და დღეს ის ჩვენთან ერთად იბრძვის სხვების სიცოცხლისათვის. მაშინ მივხვდით, რომ ის,  რისი გაკეთებაც ათეულობით ცნობილ ადამიანს ასე გაუჭირდა,  1 ოჯახისთვის თითქმის შეუძლებელი უნდა  ყიფილიყო. ჩვენ არ გავჩერდით…

-პირველი აქცია თუ გახსოვს?

-„ მე მინდა ვიყო ბოლო ბავშვი, ვინც საქართველოში უსახსრობის გამო დაიღუპება“- ეს იყო 14 წლის ანა რომანაძის უკანასკნელი წერილი, ის 2012 წელს ლეიკემიით გარდაიცვალა.  ექიმებმა გზავნილი მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ იპოვნეს. საუბედუროდ, ანას ანდერძი არ  შესრულდა. ჩვენ,  ყველა მედიასაშუალების ჟურნალისტი, გავერთიანდით, რათა ისედაც უმძიმეს სენთან ბრძოლაში, ბავშვები უსახსრობის გამო აღარ დამარცხდნენ.

ონკო–ჰემატოლოგიაში არსებობს დიაგნოზი, რომელიც მხოლოდ ძვლის ტვინის გადანერგვით თუ იკურნებოდა. ეს ოპერაცია საქართველოში არ კეთდება, ხოლო უცხოეთში, ყველაზე შეღავათიანი ფასი 75 000 ევროდან 100 000 ევრომდე მერყეობს. ფონდი ნაწილობრივ აფინანსებს ამ ოპერაციისათვის საჭირო თანხებს, ჯანდაცვის სამინისტროსთან, მერიასთან და  ფონდ „სოლიდარობასთან“ ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად ამ ორი წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით და არაერთი პატარა გავუშვით სამკურნალოდ საზღვარგარეთ,  თუმცა, ონკო–ჰემატოლოგიაში ძვლის ტვინის გადანერგვა არ არის ერთადერთი პრობლემა, არსებობს კვლევები, რაც შესაბამისი აპარატურისა თუ სხვა მიზეზების გამო, აქ ვერ ხორციელდება,    პრობლემას წარმოადგენს ასევე დამატებითი კვლევების, მაგალითად მაგნიტო–რეზონანსული კვლევის, ან დაცვითი თერაპიის დროს საჭირო  კვლევების დაფინანსება. ჩვენი ფონდი აფინანსებს ამ კვლევებსაც.

ონკო და ჰემატოპაციენტებისათვის ასევე პრობლემას წარმოადგენს გარკვეული სახის მედიკამენტები, რაც არ არის უზრუნველყოფილი კლინიკების მიერ  მკურნალობის პროცესში, ხოლო პაციენტები დამოუკიდებლად  ვერ იძენენ.  ფონდი წარმატებით თანამშრომლობს სააფთიაქო ცენტრ „ფარმადეპოსთან“, რომელიც ძალიან ხშირად უსასყიდლოდ გადასცემს ჩვენს პაციენტებს ძვირადღირებულ მედიკამენტებს. სხვა  ძვირადღირებულ წამლებს კი, მაგალითად ვორიკონაზოლს, თიოგუანინს, რაც საქართველოში არ არის რეგისტრირებული, “დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი“ თავად  იძენს თურქეთიდან, იტალიიდან, გერმანიიდან საკუთარი სახსრებითა და წყაროებით. უკვე დაფინანსებული პაციენტები კი ხშირად მოგვმართავენ  მგზავრობისა და  სასტუმროს ხარჯების დასაფარად. ჩვენ პაციენტს მშობელთან ერთად ამ ხარჯებსაც ვუნაზღაურებთ.

-ფონდი საქმიანობას აგრძელებს.

-რა თქმა უნდა, არ უნდა გავჩერდეთ, ჩვენი დახმარება კიდევ უამრავ ბავშვს ჭირდება. ფონდში  თითქმის  ყოველდღე შემოდის ახალი განცხადება. სამწუხაროდ, პატარებს, რომლებსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვთ, მაგრამ არ არიან ონკოლოგიურის პაციენტები, ვერ ვეხმარებით.  ფონდი სრულად შემოწირულობებით არსებობს და ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დახმარება მხოლოდ შემოწირული თანხების მობილიზებით და ჟურნალისტთა ენთუზიაზმით განხორციელებული საქვემლოქმედო საღამოებიდან მიღებული მცირე შემოწირულობებით განხორციელდა.

-ეკა, მოდი კიდევ ერთხელ მივმართოთ საზოგადოებას და ჩვენს მკითხველს.

-მოგმართავთ თხოვნით, შემოგვიერთდეთ ჟურნალისტებს, რომლებიც ჩვენი კოლეგის, დიმიტრი ცინცაძის სიცოცხლის გადასარჩენად გავერთიანდით და დღეს, უკვე გამოჯანმრთელებულ მეგობართან ერთად, პატარა ბავშვების სიცოცხლისთვის ვიბრძვით!

ეს  ყველაფერი არ გამოგვივა, თუ თითოეული თქვენგანი მცირედი წვლილით მაინც არ დაგვიდგება გვერდით. თქვენ უკვე გადაარჩინეთ ნანიკო, ლედი,  ქეთი, ნიკა, ლუკა, მარიამი,  თამარი, ანასტასია და კიდევ 184 სიცოცხლე! არ გავჩერდეთ, მათ თქვენი იმედი აქვთ. გთხოვთ,  სურვილისამებრ, გაიღოთ თანხა სიცოცხლის გადასარჩენად! ჩვენ დავამარცხებთ ლეიკემიას თუ გავერთიანდებით და თუნდაც ერთ ლარს გავიღებთ მათი სიცოცხლისათვის.

დარეკეთ  
0901080806
საქართველოს ბანკი:BAGAGE22
ანგარიშის ნომერი: GE62BG0000000996577500
თი ბი სი ბანკი: TBCBGE22
ანგარიშის ნომერი: GE98TB7517536080100003
მიმღები: დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი
ასევე შეგიძლიათ დონაცია განახორციელოთ ჩვენი ვებგვერდიდან www.media4life.ge

გვაქვს თქვენი თანადგომისა და გულისხმიერების იმედი!

 „დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი“

კომენტარის დატოვება