უკრაინელებმა რუსების Ka-52 ვერტმფრენი, დრონები და საზენიტო-სარაკეტო სისტემები გაანადგურეს – უკრაინის გენშტაბი

გასული დღის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუსულ ძალებს შორის, 4 მიმართულებით 24 საბრძოლო შეტაკება მოხდა, – ინფორმაციას  უკრაინის  შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უწყების ცნობით, რუსებმა, გასული დღის განმავლობაში, 59 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციებსა და მშვიდობიან დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 100-ზე მეტჯერ გაუხსნეს.

„ღამით, რუსეთის ფედერაციამ რაკეტებითა და Shahed-ის ტიპის ირანული უპილოტო საფრენი აპარატებით უკრაინის ტერიტორიაზე მორიგი იერიში მიიტანა. გასული დღის განმავლობაში მტერმა 59 საჰაერო დარტყმა განახორციელა და ჩვენი ჯარების პოზიციებსა და მშვიდობიან დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 100-ზე მეტჯერ გაუხსნა. მშვიდობიან მოსახლეობაში არიან დაღუპულები და დაჭრილები, კერძოდ, ბავშვები, დაზიანებულია კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები, დანგრეულია და დაზიანებულია 20-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი და სკოლა“, – ნათქვამია გენშტაბის ანგარიშში.

 

ასევე, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, გასული დღის განმავლობაში, რუსეთის პირადი შემადგენლობის დისლოცირების ადგილებს 10 დარტყმა მიაყენა. ამასთან, განადგურებულია 2 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი.

„ჩვენმა დამცველებმა გაანადგურეს მტრის Ka-52 ტიპის ვერტმფრენი, 3 ირანული უპილოტო საფრენი აპარატი Shahed-ი და 7 სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი. გასული დღის განმავლობაში, სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა მართვის 2 პუნქტს, 4 საზენიტო-სარაკეტო სისტემას, პირადი შემადგენლობის დისლოცირებისა და სამხედრო ტექნიკის განლაგების 2 ადგილსა და საბრძოლო მასალის 2 საწყობს დაარტყეს“, – აცხადებენ გენშტაბში.