არ შეიძლება ადამიანი, რომელიც პროფესორის სტატუსით სარგებლობს, გამოდიოდეს და ლანძღავდეს გმირ მეფეებს – ირაკლი კობახიძე

რა თქმა უნდა, ძალადობა მიუღებელია, მაგრამ ასევე ყველას უნდა მოვუწოდოთ, ნუ შეუწყობენ ხელს საზოგადოებაში შუღლის გაღვივებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, არ შეიძლება ადამიანი, რომელიც პროფესორის სტატუსით სარგებლობს გმირ მეფეებს ლანძღავდეს.

„ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ პოლარიზაციისთვის, რადიკალიზმის გაღვივებისთვის, აგრესიის დათესვისთვის და პირდაპირ უპირისპირდებიან იმ ყველაფერს, რაც უკავშირდება ჩვენს ეროვნულ იდენტობას, პირდაპირ ებრძვიან ეკლესიას, პატრიარქს, ჩართული არიან მიუღებელ აგიტაციაში, ებრძვიან ჩვენს 250 წლის წინ გარდაცვლილ მეფეებს, გმირ მეფეებს და ასე შემდეგ. არ შეიძლება ასე საზოგადოებაში შუღლის გაღვივება, ეს სწორი არ არის. რა თქმა უნდა, ძალადობა მიუღებელია, მაგრამ ასევე ყველას უნდა მოვუწოდოთ, ნუ შეუწყობენ ხელს საზოგადოებაში შუღლის გაღვივებას. არ შეიძლება ადამიანი, თუ არ ვცდები პროფესორის სტატუსით სარგებლობს, გამოდიოდეს და ლანძღავდეს ჩვენს გმირ მეფეებს, ერეკლე მეორე გალანძღა, დავით აღმაშენებელი და ასე შემდეგ,”- აღნიშნა კობახიძემ.

ლევან ბერძენიშვილს ილია ჭავჭავაძის გამზირზე  თავს ახალგაზრდა მამაკაცი დაესხა, რომელმაც მიმართა სიტყვით „მოღალატე“ და კვერცხი ესროლა.