რუსულმა პარტიამ, „პუტინისტებმა“ სახლი ალყაში მოაქციეს, ქვებს ისროდნენ, დალეწეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ავტომობილები- ხაბეიშვილი კასპში დაპირისპირებაზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, კასპში განვითარებულ მოვლენებში საკრებულოსა და მერიაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იყვნენ ჩართული.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა დააზიანეს და დალეწეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ავტომობილები, ცდილობდნენ გასწორებოდნენ მოქალაქეებს.

„პირდაპირ ეთერში უყურებდით მთელი დღე კასპში რუსული პარტიის ისტერიკას. ჩვენ ჩავედით კასპში, ვხვდებოდით მოსახლეობას და ვაცნობდით გეგმას, როგორ უნდა დაიწიოს საპენსიო ასაკმა მამაკაცებში, როგორ უნდა იყოს მინიმალური პენსია 400 ლარი. ათეულობით პენსიონერი იყო შეხვედრაზე. შეხვედრა იმართებოდა ოჯახში, ოჯახში არის მეორე ჯგუფის ინვალიდი ქალბატონი და არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ რუსულმა პარტიამ, პუტინისტებმა, სახლი მოაქციეს ალყაში, ქვებს ისროდნენ, დააზიანეს და დალეწეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ავტომობილები, ცდილობდნენ გასწორებოდნენ მოქალაქეებს.

მე მინდა საზოგადოებას მედიების საშუალებით ჩამოვუთვალო ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ კასპში მობილიზებულები, სადაც პენსიონერებთან ვმართავდით შეხვედრას. ზურა ჩიტიშვილი – საკრებულოს აპარატის უფროსი კასპში. ბადრი ჯანიაშვილი – საკრებულოს დეპუტატი [ქართული ოცნებიდან] კასპში. ალექსანდრე ბიძინაშვილი – კასპის საკრებულოს წევრი. მარეხი ყამბეგაშვილი – სპეციალისტი მერიაში. ილია ნონიაშვილი – კასპის მერიაში სპეციალისტი. გიული ყოჩიშვილი – კულტურის სახლის სპეციალისტი. დავით ალექსიძე – ა(ა)იპ-ის თანამშრომელი კასპში. უნდა იცოდეს საზოგადოება, რომ კასპის საკრებულო არ ეყოთ ამიტომ, დამხმარე ჰყავდათ გამოძახებული. შორენა გორგილაძე – გორის მერია. მაია შკუბულიანი – გორის კულტურის ა(ა)იპი. დათო ნადირაშვილი – ქარელის ა(ა)იპი. ზაზა კოპაძე – ქარელის ა(ა)იპის თანამშრომელი. მეტიც, თბილისიდან ჩაყვანილი ჰყავდათ, გურამ ყანტორელაშვილი, სუს-ის ცნობილი “ნასედკა”, რომელიც პუტინის დედის გინების გამო მიუვარდა თავის დროზე გაბუნიას”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.