“დღეს კიდევ ერთხელ იხილა საქართველოს მოსახლეობამ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი” – ხაბეიშვილი

დღეს მოსახლეობამ კიდევ ერთხელ იხილა უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი, ტერორისტი პუტინის დავალებით, ტყვეობაში ამყოფებს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა  განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე თვეა, მოითხოვს, ევროკავშირის მისიას, პოლონელ ექიმებს,  მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლება მიეცეთ.

ხაბეიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს კიდევ ერთხელ მოუწოდა, პარლამენტის წევრებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მონახულების საშუალება მისცეს.

„დღეს კიდევ ერთხელ იხილა საქართველოს მოსახლეობამ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი  ტერორისტი პუტინის დავალებით, ტყვეობაში ამყოფებს. ასევე, ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა ვითხოვთ ევროკავშირის მისიის შესვლას სააკაშვილთან, ვგულისხმობ, პოლონელ ექიმებს და რამდენიმე თვეა, სისხლის სამართლის დამნაშავე რატი ბრეგაძე რომელსაც უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი, უარს ამბობს და ევროკავშირის მისიას, პოლონელ ექიმებს არ აძლევს შესაძლებლობას, რომ მიხეილ სააკაშვილთან შევიდნენ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოიკვლიონ და თუ საჭირო გახდა, ცხადია, მკურნალობის პროცესში ჩაერთონ.

ასევე, მეორე საკითხი, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება – ჩვენ არა ერთხელ მოვითხოვეთ და დღეს კიდევ ერთხელ ვითხოვთ საქართველოს ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარისგან, შალვა პაპუაშვილისგან პარლამენტის წევრის უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის არშეშლას. საქართველოს პარლამენტის წევრებს უკვე რამდენიმე თვეა არ გვეძლევა საშუალება მოვინახულოთ პრეზიდენტი სააკაშვილი და დღეს კიდევ ერთხელ მოვითხოვთ ჩვენი უფლების განხორციელებას,“ – განაცხადა ხაბეიშვილმა.