“მოთხოვნა, რომ 12 პრიორიტეტი 100%-ით უნდა შესრულდეს, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, არავის დაუყენებია” – ირაკლი კობახიძე

მოთხოვნა, რომ 12 პრიორიტეტი 100%-ით უნდა შესრულდეს, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, არავის დაუყენებია – პოლიტიკური რისკები საკმაოდ მაღალია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, გადაწყვეტილება, რომელიც ევროკომისიამ საქართველოსთან დაკავშირებით დეკემბერში უნდა მიიღოს, პოლიტიკურია.
„შარშან ივნისშიც ეს ცუდი სიგნალი იყო. წელსაც, ასეთი გადაწყვეტილება თეორიულად რომ დავუშვათ, ცუდი სიგნალი იქნება. ამიტომ დიდი იმედი მაქვს, ამ შემთხვევაში პოზიტიური სიგნალი იქნება გაგზავნილი ყველა შესაბამისი სუბიექტისთვის – როგორც მოყვრისთვის, ისე არა მოყვრისთვის. რაც შეეხება იმას, პოლიტიკური იქნება თუ არა გადაწყვეტილება, რომელსაც დეკემბერში მიიღებენ, რა თქმა უნდა, თავისი შინაარსით პოლიტიკურია. ბუნებრივია, თავიდან ევროკომისიის დეტალური ანგარიში იქნება წარმოდგენილი. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ 12-ვე პუნქტის სრულ შესრულებას არც კი მოითხოვს კანდიდატის სტატუსის მინიჭება. უკრაინას და მოლდოვას უკვე მიენიჭათ შარშან, მათაც ასეთივე პუნქტები დაუდგინეს და თქვეს, რომ დაახლოებით 75% იყო პუნქტების შეუსრულებლობა, მაგრამ მათ უკვე მინიჭებული აქვთ. ასეთი მოთხოვნა, რომ 12 პრიორიტეტი 100%-ით უნდა შესრულდეს, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, არავის დაუყენებია, ამის მიუხედავად, მაქსიმალურად დეტალურად გავყევით 12-ვე პუნქტს. ჩვენი ამოცანა იყო, რომ მაქსიმალური საფუძველი შეგვექმნა კანდიდატის სტატუსის მონიჭებისთვის, მაგრამ გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური. რისკი შემდეგია – 27 ქვეყანაა და 27-ვემ სრული კონსენსუსით უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება. საკმარისია ერთი ქვეყანა დადგეს განზე, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭება. პოლიტიკური რისკები საკმაოდ მაღალია. იმედი დავიტოვოთ, რომ შარშანდელი ივნისისგან განსხვავებით, წელს სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გარდა ამისა, კობახიძემ უპასუხა კითხვას, როგორ აუხსნის ხელისუფლება საზოგადოებას იმას, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიღებს. მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ „ამის ახსნა რთული იქნება“.
„თეორიულად ამის შესაძლებლობას თუ დავუშვებთ, საზოგადოებისთვის ახსნა რთული იქნება. საზოგადოება იმედგაცრუებული იყო შარშან ივნისშიც და ბუნებრივია, დეკემბერშიც რომ იგივე მოხდეს, ეს საზოგადოების იმედგაცრუებას გამოიწვევს. დაგვჭირდება ყველა დეტალის განხილვა, რაც ამ შესაძლო გადაწყვეტილებასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. პოლიტიკური რისკები არსებობს. დღეს ამ რისკებზე საუბარს ვერიდებით. სამომავლოდ, ღმერთმა არ ქნას, თუ ნეგატიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, დაგვჭირდება ყველა თემაზე საზოგადოებასთან ერთად მსჯელობა. იმედს გამოვთქვამ, კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება და საქართველოსთვის დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.