“ნატო მიესალმება საქართველოს როგორც წევრს, როგორც კი საქართველო განახორციელებს საჭირო რეფორმებს” – კელი დეგნანი

ნატო მიესალმება საქართველოს როგორც წევრს, როგორც კი ქვეყანა საჭირო რეფორმებს განახორციელებს ,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით,  ვილნიუსიდან მკაფიო გზავნილი იყო, რომ ნატო-ს კარი საქართველოსთვის ღიაა.

“მკაფიო გზავნილი ვილნიუსიდან იყო, რომ კარი საქართველოსთვის ღიაა და მოკავშირეებს სურთ, რომ საქართველო იყოს წევრი. ეს სამიტი არ იყო ფოკუსირებული ამ საკითხზე, რუსეთის ომი უკრაინაში იყო სამიტის ცენტრალური ნაწილი და ის, რაც იქ ვნახეთ, იყო ერთობა მოკავშირეების მიერ უკრაინის მხარდასაჭერად, საქართველოს, მოლდოვას, სუვერენული ქვეყნების უფლების მხარდასაჭერად, თავად აირჩიონ საკუთარი ალიანსები, ის, თუ სად გაწევრიანდნენ. ეს არის ფუნდამენტური და ეს არის ძირითადად ის, რის წართმევასაც რუსეთი ცდილობს ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო და უკრაინა. მოკავშირეებმა ნათლად განაცხადეს, რომ ეს მიუღებელია, რომ ყველა ერს უნდა შეეძლოს საკუთარი ტერიტორიის მთლიანობის დაცვა და უნდა შეეძლოს საკუთარი უსაფრთხოების ალიანსების არჩევა. საქართველომ აირჩია გახდეს ნატოს წევრი და ნატო მიესალმება საქართველოს როგორც წევრს, როგორც კი საქართველო განახორციელებს საჭირო რეფორმებს“, – აღნიშნა ელჩმა.

კელი დეგნანმა ასევე განაცხადა,  რომ  ის ნაბიჯები რაც საქართველომ უნდა გადადგას ნათელია.

„ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველომ უნდა გადადგას, ნათელია. საქართველოს ხელშია ის რეფორმები, რაც საჭიროა. ეს არის არსებითად იგივე რეფორმები, რაც საჭიროა ევროკავშირის წევრობისთვის. რეფორმები სასამართლო სისტემის გასაუმჯობესებლად, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაუმჯობესებლად, რათა საქართველოს ჰქონდეს როგორც სამხედრო შესაძლებლობები, ასევე პოლიტიკური დემოკრატიული სტაბილურობა ნატო-ს მაგიდასთან დასაჯდომად“, – აღნიშნა ელჩმა.