უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, „დიდი შვიდეულის“ გარდა, კიდევ 6 ქვეყანა შეუერთდა – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის უსაფრთხოების მომავალი გარანტიების შესახებ დეკლარაციას კიდევ ექვსი ქვეყანა შეუერთდა.

“ჩვენი ძალიან წარმატებული შეთანხმება ნატო-სკენ მიმავალ გზაზე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ გრძელდება ქვეყნებთან შეთანხმებების მომზადებით. ორმხრივი შეთანხმებებით. მხოლოდ ერთი დღე გავიდა ვილნიუსიდან და ექვსი ქვეყანა უკვე შეუერთდა მსოფლიოს შვიდ უდიდეს დემოკრატიას“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

კერძოდ, მისი ინფორმაციით, შეთანხმებას, რომელზეც 12 ივლისს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები შეთანხმდნენ, შეუერთდნენ ჩეხეთი, დანია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ესპანეთი და შვედეთი.