თუ აშშ ანკარისთვის F-16-ების მიყიდვას გზას გაუხსნის, თურქეთის პარლამენტი შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების წინადადების რატიფიცირებას მოახდენს – რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პარლამენტი შეასრულებს დაპირებას შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების წინადადების რატიფიცირებასთან დაკავშირებით, თუ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია გზას გაუხსნის ანკარისთვის F-16 ტიპის თვითმფრინავების მიყიდვას, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ანტონი ბლინკენმა გასულ კვირას ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი განიხილეს.

ერდოღანის მტკიცებით, აშშ-ის ადმინისტრაცია თურქეთისთვის F-16 ტიპის გამანადგურებლების მიყიდვისა და ანკარას მიერ შვედეთის წინადადების რატიფიცირების საკითხებს ერთმანეთს უკავშირებს.