“არის მთელი რიგი პრობლემები, რომელსაც ძირეული გამოკვლევა და ანალიზის დადება სჭირდება, ამიტომ საგამოძიებო კომისიის შექმნა დღის წესრიგიდან ნამდვილად არ მოხსნილა და გახარიას პოლიტიკური ჯგუფისგან ამ პოზიციას მივესალმებით“ – დავით კირკიტაძე

მივესალმებით გახარიას პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებას, რომ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნას, – ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა.

„თქვენ ყველამ ნახეთ წინა კვირაში მინისტრი, რომელიც ინტერპელაციით იყო დაბარებული. შეკითხვებზე მისმა პასუხებმა უფრო მეტი ბუნდოვანება დატოვა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ვიდრე სიცხადე შემოიტანა. თქვენ ნახეთ, რომ შს მინისტრი და მთელი მმართველი უმრავლესობა დაიხარჯა შსს-ს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხოტბაში და ქებაში, რომლებმაც თითქოს ეფექტურად იმოქმედეს როგორც კრიზისის თავიდან არიდების პროცესში, ასევე თვითონ კრიზისის შემდგომ პერიოდში, ეს ასე ნამდვილად არ იყო. არის მთელი რიგი პრობლემები, რომელსაც ძირეული გამოკვლევა და ანალიზის დადება სჭირდება, ამიტომ საგამოძიებო კომისიის შექმნა დღის წესრიგიდან ნამდვილად არ მოხსნილა და გახარიას პოლიტიკური ჯგუფისგან ამ პოზიციას მივესალმებით“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.