სალომე ზურაბიშვილი:100 წლის შემდეგ საქართველოს პირველი პრეზიდენტი ვარ, რომელიც სტუმრობს ავსტრიას, მგონია ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისთვის
100 წლის შემდეგ ვარ საქართველოს სახელმწიფოს პირველი პრეზიდენტი, რომელიც სტუმრობს ავსტრიას და მგონია, რომ ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისთვის, – ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ პრეზიდენტ ალექსანდერ ვან დენ ბელენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ამ დრომდე შეხვედრაში პანდემიან შეგვიშალა ხელი, მაგრამ პოლიტიკურმა ვითარებამ ვერ შეგვიშალა და ყველაფრის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ სიმბოლურია, რადგან შედგა ეს ვიზიტი. შედგა იმ მომენტში, როცა არის გარკვეული სირთულეები პოლიტიკურ სფეროში, მაგრამ აქ აღმოჩნდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს პრეზიდენტის როლი საპარლამენტო რესპუბლიკაში იმისთვის, რომ გააერთიანოს ძალები და შეინაჩუნოს სტაბილურობა. ჩვენთან იგივე ვითარება არაა, მაგრამ საარჩევნო პერიოდში, მანამდეც და მერეც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი დარჩეს მთავარ ძალად, რომელიც დეპოლარიზაციისა და სტაბილურობისთვის იბრძვის. ესაა ჩვენი საერთო მოვალეობა“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი შედგა 100 წლის თავზე. „თუნდაც იმიტომ, რომ ავსტრიაში ნობელის პირველი პრემია მიიღო ქალმა, რომელიც ცხოვრობდა საქართველოში და რომელიც მთელი ცხოვრება იყო მშვიდობისკენ ორიენტირებული. ჩვენ მის ხსოვნას აღვნიშნავთ. საქართველოს ფოსტამ გამოუშვა მარკა. მომავალ წელს იქნება ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელი, გვაქვს გეგმა ისე აღვნიშნოთ, როგორც ორ ქვეყანას ეკადრება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი ავსტრიაში 11 ოქტომბერს დაიწყო.