მუშების შრომითი უფლებები ირღვევა! რასთან გვაქვს საქმე?

გულიკო ზუმბაძემ წინუბნის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციაზე დასაქმებული მუშების შრომითი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ წინუბნის დასახლებაში საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული მუშების შრომითი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
დეპუტატის თქმით, წინუბნის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციაზე მომუშავე, დაახლოებით, 20 ადამიანისთვის დამქირავებელს ოთხი თვის განმავლობაში შრომითი ანაზრაურება არ გადაუხდია, რის გამოც ისინი მუშაობის გაგრძელებაზე უარს აცხადებენ.

   როგორც კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, არც ერთ დასაქმებულ პირთან ოფიციალური ხელშეკრულება გაფორმებული არ არის და მანვე შექმნილ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა კომპანიას „ხურო“ და თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დააკისრა.

„შრომითი ხელშეკრულების გარეშე საქმიანობა დამქირავებელი კომპანიის მხრიდან გადასახადებისაგან თავის არიდების მცდელობას წარმოადგენს. მოვუწოდებთ კომპანიას, დასაქმებულ პირთათვის კუთვნილი ანაზღაურების გადახდა და მათთვის შრომითი ხელშეკრულების გაფორმება უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს’’,-განაცხადა გულიკო ზუმბაძემ და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო აღნიშნულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო გააკრიტიკა.

კომენტარის დატოვება